ქალაქ ოზურგეთის მერიაში გამართულ საჯარო აუქციონზე დაპირისპირება მოხდა. ამის მიზეზი, აღმაშენებლის ქუჩაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 188 მიწის ნაკვეთის და მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობების ჯემალ დარჩიას მიერ შეძენა გახდა.
საჯარო აუქციონში დარჩიასთან ერთად მოქალაქეების ის ჯგუფი მონაწილეობდა, რომლებსაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურები იჯარით ჰქონდათ აღებული. მათმა წარმომადგენელმა აუქციონში მონაწილეობა არ გააგრძელა, დარბაზი ახსნა-განმარტების გარეშე, შეურაცხმყოფელი ტექსტით დატოვა. აუქციონის კომისიის თავმჯდომარემ მერაბ წიწვივაძემ მოვაჭრეების თხოვნა, რამდენიმე წუთით პროცესი შეეწყვიტა, რადგან მათი წარმომადგენელი ცუდად გახდა, არ გაითვალისწინა და შესაბამისად გამარჯვებულიც გამოაცხადა, რომელმაც ქონება 57 000 ლარად შეიძინა.
სწორედ შედეგის გამოცხადებას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება, რაშიც პოლიციაც ჩაერთო. როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს, ეს წინასწარ იყო გათვალისწინებული, რადგან ჯემალ დარჩია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
_ ამას არ შეგარჩენთ, ამაღამ სახლში ვერ დაიძინებ, _ ისმოდა დარბაზში ქონების ახალი მფლობელის მიმართ მუქარა, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფაც ახლდა.
დარჩიამ დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ქონება კანონის სრული დაცვით შეიძინა.