დღეს, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები ოზურგეთში იმყოფებოდნენ. რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის თქმით, მსგავსი შეხვედრები ხშირად იმართება, რადგან რეგიონებში უფრო მეტად განვითარდეს რაგბი.
“ეს არის ჩვეულებრივი შეხვედრა, ვხვდებით ადგილობრივი ხელისუფლების, სარაგბო კლუბების წარმომადგენლებს და ვმსჯელობთ სამომავლო გეგმებზე. გვინდა, რომ რეგიონში რაგბი უფრო განვითარდეს და მსგავსი ტიპის შეხვედრები ამაში ხელს გვიწყობს. ვინტერესდებით, თუ რა პრობლემები და მიღწევები არის რეგიონში, რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ. შეძლებისდაგვარად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა უფრო მეტი პოპულარული და განვითარებული იყოს. რომ რეგიონებში არ დაიკარგოს ნიჭიერი თაობა და მოხდეს მათი აღრიცხვა, ასევე მათი წაყვანა ცენტრისკენ. რეგიონებში ასევე ჩაგვყავს მწვრთნელები და ხდება მასტერ-კლასების ჩატარება”, _ გვითხრა გოჩა სვანიძემ.
გოჩა სვანიძემ “გურია ნიუსთან“ საუბრისას დადებითად შეაფასა კლუბ “არწივების“ საქმიანობა.
“კმაყოფილი ვარ იმით, რომ გურიაში რაგბს თამაშობენ,, უკმაყოფილი ვარ იმით გაცილებით მეტი ადამიანური რესურსი აქვთ, ვიდრე დღეს ხდება ამის გამოყენება. იმედს ვიტოვებ, რომ გურია თავის სიტყვას იტყვის რაგბის ისტორიაში“, _ თქვა გოჩა სვანიძემ.
საქართველოს რაგბის კავშირის გურიის კოორდინატორის, გოჩა მეგრელიშვილის თქმით, გურიაში რაგბი უფრო მეტად პოპულარული ხდება. მისივე თქმით, ოზურგეთში უკვე არის კლუბი სადაც გოგონები თამაშობს რაგბს.
“გურიას ჰყავს გუნდი და ბ ლიგაში თამაშობს, მაგრამ უკმაყოფილება ის არის დიდი რესურსი იკარგება და უფრო მეტი კოორდინაცია არის გასაკეთებელი. აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს მინიმუმ ერთი გუნდი აუცილებლად უნდა იყოს უმაღლეს ლიგაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთო სპორტში”, _ გვითხრა გოჩა მეგრელიშვილმა.
შეხვედრას, რომელი ოზურგეთში სასტუმრო “სემში“ გაიმართა, გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, არჩილ თალაკვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა კობალაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია ესწრებოდნენ.