შსს-მ თელავში უკანონო საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება ამოიღო, _ ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,
“შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული კ.კ. საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 6 კილოგრამი ფეთქებადი ნივთიერება ამონიუმი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 46 საბრძოლო ვაზნა და ცეცხლსასროლი იარაღის დაშლილი დეტალები ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ფეთქებადი ნივთიერება და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.
გამოძიება საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)”, _ ნათქვამია განცხადებაში.