ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც პირველ მარტს გაიმართა, 13 საკითხი განიხილეს, რაც იმით დასრულდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია საკითხებს რიგითობის მიხედვით კითხულობდა და გამომსვლელებმაც მოკლედ წარმოადგინეს საკითხები დადგენილებებში ცვლილების შეტანის, განკარგულების მიღების თუ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. დარჩიაც მაშინვე ეკითხებოდა დარბაზს, იყვნენ თუ არა თანახმა, მიეღოთ ესა თუ ის საკითხი. ასე გაილია 13 საკითხის მოსმენა და “განხილვა”.
უნდა ითქვას, რომ საკრებულოს ეს სხდომა უპრეცედენტოა ბოლო წლებში გამართულ სხდომებში იმ კუთხით, რომ ყველა საკითხი ყოველგვარი განხილვის გარეშე დასრულდა. არადა, სხდომის დაწყებამდე გამგეობის ზოგიერთი თანამშრომელი საკრებულოს აღნიშნულ სხდომაზე “მაგარ ამბებს” აანონსებდა.
დღის წესრიგის მესამე საკითხზე _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის მიზანშეწონილობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ”, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე, გამგებლის მოადგილემ არჩილ ყაზაიშვილმა ისაუბრა.
საკითხი ეხებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ოთხი ა(ა)იპ-ის ლიკვიდაციას, რომელთაგან ერთ-ერთი _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი”, მრავალი წელია წარმატებით მუშაობს და პრიორიტეტული დარგის _ სოფლის მეურნეობის წინსვლის საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ეთამაშა. მიუხედავად ამისა, წამგებიან ორგანიზაციად მიჩნეული ა(ა)იპ-ის ლიკვიდაციას დეპუტატებმა მხარი უხმოდ დაუჭირეს, ეს მაშინ, როცა ორიოდე წლის წინ აღფრთოვანებულები ესალმებოდნენ იქ არსებულ მდგომარეობას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ სხდომა მალე და უკომენტაროდ დატოვა _ სავარაუდოდ, ის ამ ფაქტით უკმაყოფილო იყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი ამ ფაქტს ასე ხსნის:
_ საქართველოში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 2016 წლის ბოლოს დაიწყო ოპტიმიზაციის პროცესი. ყოველივე ამის შემდეგ, საქართველოს ორგანულ კანონში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში გახორციელებული ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტს უფლება აქვს მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები, _ გვითხრა მან.
კითხვაზე, როგორ განვითარდება მოვლენები პრიორიტეტულ დარგად აღიარებული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შექმნილი ფერმერული ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ, ყაზაიშვილი კონკრეტულ პასუხს ვერ გვაძლევს.
“გურია ნიუსი” აღნიშნული თემის შესახებ ვრცელ სტატიას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.