ასანთი, სანთებელა, ფლავსაწური, “დოსკა საჭრელი”, ქვაბი, ცოცხი, პლასტმასის ჯამები, ტაფა, ჩაიდანი, “გრაფინი მინის”, წყლის ავზი, ბოქლომი, პლინტუსი, ვედრო, საღებავი, ფუნჯი, ავეჯის აქსესუარები _ ეს ყველაფერი ნაწილია იმ შესყიდვებისა, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება “მომავალის” მიერ ინდმეწარმე ზურაბ მდინარაძესთან არის შეძენილი და რომელშიც თითქმის 10 000 ლარია გადახდილი.
ოფიციალურად მოწოდებული ანგარიშფაქტურების შესაბამისად, ძალიან ადვილია დაადგინო, რომ აღნიშნულ მეწარმესთან შეძენილ ნივთებში იმაზე მეტია გადახდილი, ვიდრე ისინი სხვა მაღაზიებში ღირს.
ამას ისიც ემატება, რომ ი. მ. ზურაბ მდინარაძის მაღაზიაში მხოლოდ სამეურნეო საქონელი იყიდება _ საღებავები, ელსადენები და ა. შ.
ამ მაღაზიაში მისულები ვერც ასანთს აღმოაჩენთ, ვერც ფლავსაწურს, ვერც ჯამებს, ვერც ქვაბებს და ტაფებს. არადა, “მომავალის” მიერ 2016 წელს გახორციელებული შესყიდვების ხელშეკრულებებსა და ანგარიშფაქტურებში, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტებში, ეს საქონელი ფიგურირებს.
ინდმეწარმე ზურაბ მდინარაძე, რომელიც ა(ა)იპ ‘ბახმაროს’ ბუღალტერია, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მაღაზია მისი არ არის და ის უბრალო თანამშრომელია. გვეუბნება, რომ მაღაზია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ტარიელ ბერაძეს ეკუთვნის და მას მხოლოდ ფაქტურების გაგზავნა ევალება.
მდინარაძე, რომელიც წლების წინ ჩვენთან საუბრისას ღიად ადასტურებდა, რომ ააიპ-იდან ინდმეწარმისთვის გადარიცხული ფული, ხელზე ფულად, ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, უკან ბრუნდებოდა, “გურია ნიუსთან” საუბრისას დღეს ამბობს, რომ ფასებს ის არ ადგენს.
_ ტარიელი მეუბნება, რა უნდა ჩავწერო ფაქტურაში და ისე ვაგზავნი, _ აღნიშნავს ზურაბ მდინარაძე.
კითხვაზე, რატომ არის მათი მაღაზიიდან გაგზავნილ ფაქტურებში ფასები “გაბერილი”, გვპასუხობს, რომ არ იცის:
_ ვერაფერს გეტყვით. მე რასაც მეუბნებიან, იმას ვწერ.
_ ბატონო ზურაბ, რამდენიმე წლის წინ დაგვიდასტურეთ, რომ როგორც კლუბის ბუღალტერი, თანხას რიცხავდით კონკრეტულ ინდმეწარმესთან, შემდეგ მისგან მოგქონდათ თანხა და აძლევდით ფეხბურთელებს. მაშინ ამბობდით, რომ ეს მაშინდელი ხელმძღვანელის დავალებით კეთდებოდა. ამ ფაქტიდან გამომდინარე, არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ იგივე სქემა ახლაც მოქმედებს?
_ მაღაზიიდან იგზავნება ის ფაქტურა, რასაც მეუბნებიან. მე ფულთან არანაირი შეხება არ მაქვს.
_ თქვენთან მაღაზიაში ჩამოსულებს მხოლოდ სამეურნეო საქონელი დაგვხვდა. არადა, გაგზავნილ ფაქტურებში სხვა ნივთები წერია. ამას როგორ აგვიხსნით?
_ კი, ბევრი რამ არ გვაქვს, მაგრამ როცა გვიკვეთავენ, ჩამოგვაქვს, _ დააზუსტა მდინარაძემ.
ტარიელ ბერაძე ამბობს, რომ ააიპ-ების ხელმძღვანელებმა თავად უნდა გასცენ პასუხი, რატომ აკეთებენ არჩევანს მის მაღაზიაზე:
_ ეს მაღაზია ჩემი ოჯახის საკუთრებაა. რაც შეეხება ააიპ-ებს, სავარაუდოდ იმიტომ ყიდულობენ, რომ ხელს ვუწყობ _ რასაც მთხოვენ, მომაქვს. მე არავის არაფერს ვაძალებ. თუ არ უნდათ, ნუ მოდიან და ნუ ყიდულობენ. სიმართლე გითხრათ, წელს არც ერთ მათგანთან არ მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რადგან თვეების განმავლობაში ფულს ვერ მიხდიან და ასე მე ვერ ვიმუშავებ. კულტურის ცენტრს ერთი წელია, 12 ცალი სკამის ფული აქვს გადაუხდელი. ბაღების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველია, ახლაც აქვს შარშანდელი ვალი. რაც შემეძლო, ხელს ვუწყობდი, მაგრამ წელს ასე ვეღარ გავაგრძელებ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბერაძემ.
ბერაძის თქმით, მის მაღაზიაში შეიძლება ზოგი რამ ძვირი ღირს, მაგრამ ბევრი რამ იაფია:
_ ფაქტურაში რეალური ღირებულება იწერება. ვერავინ იტყვის, რომ ზედმეტი ჩამირიცხა და თანხა მერე უკან დავუბრუნე. 65 წლის კაცი ვარ და პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია. არც არავის ვაძალებ რამეს და არც არაფერს ვაკეთებ უკანონოდ. თუ ვინმე საწინააღმდეგოს იტყვის, მზად ვარ პასუხი ვაგო და გაზეთის საშუალებითაც მოვიხადო ბოდიში, მაგრამ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, _ გვითხრა ბერაძემ, რომლის თქმით, ბაღების გაერთიანებას წლების მანძილზე ემსახურებოდა და ზუსტად იმ ფასში აძლევდა სასურველ ნივთს, რაც ღირდა.
_ მე ტენდერშიც შევედი და მოვიგე კიდეც. კი, გეთანხმებით, რომ ტენდერის გარეშეც ყიდულობდნენ ჩემთან რაღაცეებს, მაგრამ ეს ყველაფერი დოკუმენტებშია ასახული და არაფერი უკანონო არ მომხდარა, _ აღნიშნა ბერაძემ.
ი. მ. ზურაბ მდინარაძის ტენდერში გამარჯვების ფაქტს ჩვენთან საუბარში ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნინო ბარამიძეც ადასტურებს და ამბობს, რომ მდინარაძემ კონკურენტებს დაბალი ფასის გამო მოუგო:
_ ასანთი, ქვაბი, სანთებელა და ა. შ. მისგან მხოლოდ იმიტომ გვაქვს მიღებული, რომ ტენდერში გაიმარჯვა, _ გვითხრა ბარამიძემ.
_ ტენდერის გარეშე ბევრი რამ გაქვთ შეძენილი. რატომ მაინცდამაინც ამ მაღაზიაში?
_ იმიტომ, რომ იქ ყველაფერია.
_ იქ მხოლოდ სამეურნეო საქონელი იყიდება.
_ წელს სხვაგან ვყიდულობთ.
_ გასულ წელზე გეკითხებით. ამ ინდმეწარმესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს… ეს სქემა არც თქვენი ზოგიერთი თანამშრომლისთვისაა უცხო და ამის დამადასტურებელი ფაქტები “გურია ნიუსის” არქივში შეგიძლიათ ნახოთ.
_ არ ვიცი, სხვა რას აკეთებს, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ არც მე და არც ერთი ჩემი თანამშრომელი ფულს ხელს არ ვკიდებთ. ჩვენ კანონს მიღმა არაფერს ვაკეთებთ.
_ კითხვაზე არ მპასუხობთ, რატომ ეს მაღაზია?
_ ვაი, დედა!
_ ქალბატონო ნინო, თქვენი ამ მაღაზიით დაინტერესება იმით ხომ არ არის გამოწვეული, რომ მისი რეალური მფლობელი გამგეობის თანამშრომელია?
_ ეგ არაფერ შუაშია. ყველაფერი იყო მაგ მაღაზიაში და მხოლოდ ეს გახლდათ მიზეზი. წელს კი, როგორც გითხარით სხვაგან გადავედით.
_ ყველაფერი სხვა მაღაზიებშიცაა. მანდ კი დაზუსტებულად ვიცით, რომ ყველაფერი ძვირია.
_ სატენდერო რაც იყო, არ არის ძვირი.
_ სწორედ მაგაშია საქმე, რომ ტენდერს გარეშე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად ნაყიდ ნივთებში გაცილებით მეტი გაქვთ გადახდილი და ამბობთ, რომ ეს იცით და მაინც აკეთებთ…
_ წელს სხვაგან ვყიდულობთ, _ გვითხრა ბარამიძემ და საუბრის გაგრძელება წერილობით მოისურვა.
შესაბამისად, უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, რატომ იხარჯება ასობით ლარი ავტომანქანა “ჟიგულის” შეკეთებაში”, რომელიც კერძო პირისაა და რომელიც ბაღების გაერთიანებას ხელშეკრულებით ჰყავს აყვანილი.
ბარამიძემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ 2 თვის შუალედში, შპს “მე და შენთან” გაფორმებული 500-500-ლარიანი ხელშეკრულებიდან, რომლის საგანი ავტომობილის შეკეთებაა, მხოლოდ 595 ლარი იქნა ათვისებული შემსრულებლის მიერ.
_ ქალბატონო ნინო, იმ ფონზე, როცა 2016 წლის 2 მარტს ი.მ. ლაშა ჟღენტს ტრანსპორტით მომსახურებისთვის გადაუხადეთ 600 ლარი; 2016 წლის 5 მაისს საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურების გამო, ი.მ. გია გიორგაძეს გადაუხადეთ 250 ლარი; ამავე წლის 4 აგვისტოს, მაშინ როცა ბაღები ისვენებს, ხელშეკრულება ასევე საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურებაზე გააფორმეთ ი.მ. გრიშა ჩხიკვაძესთან და 400 ლარი გადაიხადეთ; როცა ამავე მომსახურებაში 20 ოქტომბერს ი.მ. მალხაზ მეხივიშვილს 300 ჩაურიცხეთ, ავტომანქანის შეკეთებაში ფულს რატომღა იხდით? საინტერესოა ისიც, რა სახის მომსახურებაში გაქვთ ეს თანხები გადახდილი…
_ პასუხებს არ გავურბივარ, მაგრამ თუ რაიმე გაინტერესებთ, წერილობით მოგვმართეთ, _ გვითხრა ბარამიძემ, რომელსაც ჩვენს მიერ მოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ნაწილი მოსაწოდებელი აქვს და როგორც ამბობს, დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემდეგ, ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებს. მათ შორის იმას, თუ რატომ გადაიხადა ბაღების გაერთიანების ბიუჯეტიდან 650 ლარი რესტორანში გასული წლის დასაწყისში.
შესაბამისად, “გურია ნიუსი” მასალას ბაღების მიერ გასულ წელს გახორციელებული სრული შესყიდვების შესახებ უახლოეს ხანში, შემოგთავაზებთ.