შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აჭარაში მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, დაშავებულები არიან პოლიციელები.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, რომელიც ამ დროისათვის ბათუმში იმყოფება, აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ქვების გამო, უამრავი პოლიციელია დაშავებული. მისი ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი და სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი.
ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები დაკავებული პირების – 6 ადამიანის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები თანამდებობიდან აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის კახა ბუხრაძის გადაყენებასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ ქალაქში მძღოლების მიზანმიმართული დაჯარიმება დაიწყო. კახა ბუხრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა.
თავდაპირველად, „ბათუმი პლაზასთან“ ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დააკავეს. საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას გამოესარჩლა მეორე მოქალაქე და ორივე მათგანი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტს ბათუმში ხალხმრავალი აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აჯარიმებს. მოქალაქეების თქმით,ბოლო პერიოდში, სამართალდამცავები ზედმეტად აგრესიულად იქცევიან, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელობა შეიცვალა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე აცხადებს, რომ შს მინისტრისგან გიორგი მღებრიშვილისგან მიიღო პირობა, რომ დაკავებული ექვსივე პირს ერთ საათში გაათავისუფლებენ.