ხვალიდან, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, მუშაობას იწყებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელიც მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება და დამოუკიდებელი ინსპექტორი ხელმძღვანელობს.
კანონის თანახმად, დამოუკიდებელ ინსპექტორს 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ით, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართოს წინადადებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
ამავე კანონის თანახმად, დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია.
“დამოუკიდებელ ინსპექტორს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან მუნიციპალიტეტის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ანდა შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით“, _ აღიშნულია კანონში.
რაც შეეხება დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს, კანონის თანახმად, ეს შეიძლება იყოს:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ე) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
ვ) გარდაცვალება;
ზ) ამ უფლებამოსილების წელიწადში 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობა;
თ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ი) მოსამართლეთა უფლებების უხეში ან სისტემატური შელახვა;
კ) შეუფერებელი ქცევა, რომელიც სახელს უტეხს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს;
ლ) დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება.
ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს. კენჭისყრის ჩატარებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოისმინოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ახსნა-განმარტება და გამოიკვლიოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეუძლიათ გამოთქვან მოსაზრებები საკითხის შესახებ.
კანონის მიხედვით, დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის ადგილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
გარდა ამისა, დამოუკიდებელი ინსპექტორი კონკურსის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლებს. ამ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
კანონში აღნიშნულია, რომ დისციპლინურ სამართალწარმოებაზე ზეგავლენის მოსახდენად დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია ასეთი ჩარევის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
რაც შეეხება ინსპექტორის ანგარიშვალდებულებას, კანონის მიხედვით, დამოუკიდებელი ინსპექტორი მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.