ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა დასრულდა. პროკურორების შეკითხვებს გიორგი მამალაძე, დაახლოებით, 10 საათის განმავლობაში პასუხობდა.
როგორც დაკითხვის შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, მამა გიორგიმ ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. დაკავებულის ინტერესების დამცველების ინფორმაციით, დეკანოზის დაკითხვა სასამართლო პროცესამდე დასრულებულია.
მათივე თქმით, ისინი დეკანოზის უდანაშაულობას დაამტკიცებენ.
საქმის პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, ბრალდებულის პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე არასერიოზულია და ვერც ერთ კითხვაზე პასუხები ვერ მიიღეს. პროკურორის განმარტებით ბრალდებული ცდილობს რაღაც სურათი დახატოს და გამოძიება შეგვიყვანოს და დანაშაული სხვებს გადააბრალოს.
“მამა გიორგი თავიდან ამბობდა, რომ ციანიდი შორენას ოქრომჭედლისთვის სჭირდებოდა, შემდეგ თქვა, რომ თეთრუაშვილს თვითმკვლელობისთვის უნდოდა, ახლა კი ამბობს, რომ მას ყველაფერი მოუგონეს და არ ადასტურებს, რომ ციანიდი შეიძინა“,- განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, ჯარჯი წიკლაურის თქმით, როგორც მათ მამალაძემ დაკითხვისას განუცხადა, რაზეც ის გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საუბრობს, იყო ხუმრობა მისი მხრიდან.
რაც შეეხება პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, პროკურორის ინფორმაციით, ოხანაშვილი ამ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა. პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა.