მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს, რომელთა მოზომილი, გონივრული, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც ჩვენ შევძელით ძალიან სერიოზული პროვოკაციის თავი აცილება და, მართლაც, ბეწვის ხიდზე გავიარეთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეეხო ბათუმში განვითარებული მოვლენებს და იგი სახელმწიფოს სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შეაფასა.
„მინდა მადლობა ვუთხრა პოლიციელებს ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის. მადლობას ვუხდი სახელმწიფო მოხელეებს – აჭარის მთავრობას, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო პროცესებში.
გამოძიება მიმდინარეობს, არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა. გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება, მივა დასასრულამდე და აუცილებლად დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა,“ – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.