თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმეზე როლანდ ბლადაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ქონება პაპუაშვილის საკუთრებაში დარჩა.
საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მერაბ ლომიძემ (მომხსენებელი, თავმჯდომარე), თეა ძიმისტარაშვილმა და ამირან ძაბუნიძემ განიხილეს. პალატას განმარტება არ გაუკეთებია, თუ რა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გამო არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები. სასამართლომ მხარეებისთვის მხოლოდ მიღებული განჩინების გასაჩივრების წესი და ვადები განმარტა. განჩინების გამოცხადებას დარბაზში”ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის პროტესტი მოჰყვა, რომელმაც პალატას მიმართა და აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა მოსამართლის მანტიას შეურაცხყოფა მიაყენეს.
“დღეს სამმა რიგითმა მოსამართლემ შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ მართლმსაჯულებას და მოსამართლეების ხელში ის მნიშვნელოვანი შანსი, რომ ღირსება დაებრუნებია ამ საქმეზე ქართულ სასამართლოს და სამართლიანობის აღდგენა ასეთი მნიშვნელოვანი, რეზონანსული საქმეების მიმართ ყოფილიყო ნამდვილი, დღეს იქცა ფიქციად. სასამართლო დღეს დარჩა შეურაცხყოფილი და კვლავ სახელგატეხილი. ჩვენ მივმართავთ საქართველოს უზენაესს სასამართლოს და ალბათ, უკვე დროა, რომ სახელმწიფომ გაიგოს კიდევ ერთი სარჩელის თაობაზე, რომელითაც როლანდ ბლადაძე ევროსასამართლოს მიმართავს“ – განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ არჩილ კაიკაციშვილმა.
მისივე შეფასებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო და დაუსაბუთებელი.
„სასამართლოს ჰქონდა ყველა მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ წართმეული, სადაო ქონება ეკუთვნოდა მის პირვანდელ და ერთადერთ მფლობელს როლანდ ბლადაძეს. ეს მტკიცებულებები კი ამ სამმა რიგითმა მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
საქმეში არის ძალიან ბევრი პროცესუალური დარღვევა და იმედი გვაქვს, რომ უზენაესი სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში ქართული საზოგადოება მალე მიიღებს საჩივარს ევროსასამართლოში როლანდ ბლადაძე საქართველოს წინააღმდეგ.
თუმცა, მეტს რას მოველოდით ამ სასამართლოსგან, როდესაც მისი თავმჯდომარე არის ვალერი ცერცვაძე, რომელმაც 2004 წელს როლანდ ბლადაძეს პროკურატურის მინდობილობის საფუძველზე ჩამოართვეს სადაო ქონება, რომლის დაბრუნებასაც დღეს მხარე მოითხოვდა. 2013 წელს, პროკურატურის დადგენილებით აღიარებულ იქნა, რომ როლანდ ბლადაძეს არანაირი დანაშაული, რის გამოც მას ეს ბინა ჩამორთვეს, არ ჩაუდენია. დღეს ამ სამმა რიგითმა მოსამართლემ ქართულ მართლნსაჯულებას ესოლა“, _ განაცხადა კაიკაციშვილმა და დასძინა, რომ უზენაეს სასამართლოში მათი კიდევ ერთი მოთხოვნა ის იქნება, რომ საქმე დიდმა პალატამ განიხილოს.
რაც შეეხება იმას, რომ დღეს პროცესს არ ესწრებოდა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, კაიკაციშვილი ამბობს: „ეს ქმედება არის იმის მანიშნებელი, რომ ეკონომიკის სამინისტრომ, სახელმწიფომ წინასწარ იცოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ“.
დღეს მცირე კომენტარით შემოიფარგლა გიორგი პაპუაშვილის ინტერესების დამცველი გოჩა გოგიშვილი და პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
„არ მაქვს ჩემი მარწმუნებლისგან უფლება, რომ რაიმე სახის კომენტარი გავაკეთო. ჩემს კომენტარს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ სასამართლომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, დაველოდოთ შემდეგ რა იქნება“, _ აღნიშნა გოგიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვას 5 თვე მოანდომა. საქმეზე გადაწყვეტილება 7 მარტს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა მოსამართლე თეა ძიმისატარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაიდო. სასამართლომ საქმის განხილვას 4 სხდომა დაუთმო.
- პირველი სხდომა 2016 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა, სადაც როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა – საქმის განხილვას ჩამოშორდნენ მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი. გადაწყვეტილება მოსამართლეთა აცილების შესახებ საქმის მომხსენებელმა მოსამართლე გიორგი გოგიაშვილმა მიიღო. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მტკიცება ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის მიკერძოების და საქმისადმი დაინტერესების შესახებ. მოსამართლეთა აცილების შემდგომ, საქმე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თამჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს, რომელმაც სააპელაციო საჩივრის განმხილველი ახალი შემადგენლობა დანიშნა.
- მეორე სხდომა 2017 წლის 13 იანვარს გაიმართა. პალატის ამჟამინდელ შემადგენლობაში, თავიდანვე მონაწილეობდა მოსამართლე მირანდა ერემაძე, თუმცა 13 იანვრის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოსამართლე შეიცვალა. ამ სხდომაზე არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმის განმხილველი პალატის უმრავლესობის აცილების თაობაზე. ამავე სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა და საქმეს დაურთო სხვადასხვა დოკუმენტაცია, რომელიც საერთო შეფასებით, ქმნის უტყუარ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ 2004-2007 წლებში, სახელმწიფომ არავითარი კანონისმიერი ღონისძიება არ განახორციელა სადავო ქონების გასვისებისგან თავშეკავების თაობაზე და დარღვეულ იქნა ქონების პრივატიზების მაშინდელი კანონმდებლობით დადგენილი წესები.
- მესამე სხდომა გაიმართა 2017 წლის 31 იანვარს. პალატამ ამ სხდომაზე დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის კიდევ ერთი შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო მოპასუხე გიორგი პაპუაშვილის 2016 წლის 2 მარტის სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი პაპუაშვილი 2007 წელსაც ფლობდა ინფორმაციას როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების თაობაზე, თუმცა გიორგი პაპუაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთან კონფლიქტში ვერ შევიდოდა. აღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ პირდაპირ მტკიცებულებას როლანდ ბლადაძის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, რომლითაც გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარება უნდა მოხდეს.
- მეოთხე სხდომა გაიმართა 2017 წლის 20 თებერვალს, სადაც პალატამ სრულად მოისმინა მხარეთა ახსნა–განმარტებები და მხარეთა საპაექრო სიტყვა.
როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველი ოგანიზაციის”ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, 2017 წლის 20 თებერვლიდან საქმეზე კვლავ აქტუალური გახდა მორიგების წინადადება, მაგრამ მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კვლავ არ უზრუნველყო მხარეებთან კონტაქტი და არ შეეცადა დავაზე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულებას.
ბლადაძის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ”ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში, ხოლო 2017 წლის იანვარში, საქართველოს პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.
როლანდ ბლადაძე მოითხოვდა ბათილად ეცნოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
ასევე, მისი სასარჩელო მოთხოვნაა ბათილად ცნონ 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.
„სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება“, _ აცხადებენ”ახალგაზრდა ადვოკატები“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრდება.
ამავეთემაზე:
რა კითხვებს აჩენს გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმეზე გადაწყვეტილების გამოუცხადებლობა
ყოფილი მოსამართლის სადაო ქონება _ მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში
სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეს დაურთო _”ახალგაზრდა ადვოკატები”
“ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან”
სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ
რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ
მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს -“ახალგაზრდა ადვოკატები”
გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებაზე სახელმწიფოსთან მორიგება 8 ივლისამდე უნდა შედგეს
რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით
“ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის”
გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! –”ახალგაზრდა ადვოკატები” ომბუდსმენს მიმართვენ
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს
ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე
გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს
პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს
“ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს”