ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ ჩხიკვაძემ, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ ჩოხატაურის კომიტეტის თავმჯდომარეა პარტია დატოვა.
ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პარტიის დატოვების მიუხედავად, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრად რჩება:
_ მართალია, პარტია დავტოვე, თუმცა, ვრჩები ფრაქციის რიგით წევრად. ამ ეტპაზე, როგორც უპარტიო, _ გვითხრა ჩხიკვაძემ, რომლის განმარტებით პოლიტიკურ მოღვაწეობას დავით უსუფაშვილთან ერთად გააგრძელებს.
ჩხიკვაძის მიერ პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ „რესპუბლიკელების“ ადგილობრივ ორგანიზაციაში.
_ დადასტურებულად არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. მალხაზი კომიტეტის თავმჯდომარეა და ასე როგორ წავიდოდა?! თქვენთან რომ ადასტურებს, ჩვენ არაფერი არ უნდა გვითხრას? _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე გოჩა ჯიქია.
ჩხიკვაძე კი ამბობს, პარტიაში მისი შემცვლელის ვინაობაზე მსჯელობა მას შემდეგ მოხდება, რაც კომიტეტი შეიკრიბება.