ბოსტონის ტაფტსის ამერიკული უნივერსიტეტის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მეტაბოლური სინდრომის, იგივე ნივთიერებათა ცვლის დარღვევის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ შევცვლით ჩვენი კვების რაციონს.
მეცნიერებმა მეტაბოლური სინდრომით დაავადებულ 340 მოხალისეზე კვლევა ჩაატარეს. ექსპერიმენტი 5 წელი გრძელდებოდა. ამ პერიოდის მანძილზე მონაწილეები სპეციალური პროგრამით იკვებებოდნენ, რომელიც გამორიცხავდა ნახევრადფაბრიკატებს და სწრაფ კვებას. სამაგიეროდ, მენიუში შედიოდა თხილი, მსხვილმარცვლოვანი კულტურები, ბოსტნეული და ხილი, ასევე – ფრინველის ხორცი.
ექსპერიმენტის მონაწილეთა უმეტესობას ხუთი წლის შემდეგ დაავადების ყველა სიმპტომი გაუქრა. ამასთან, როგორც ექიმები ამბობენ, გამოჯანმრთელების შანსი იმ მონაწილეებში გაცილებით მაღალი იყო, რომლებიც კვების რაციონს მკაცრად იცავდნენ.
აღსანიშნავია, რომ მეტაბოლური სინდრომით დაავადებულ ადამიანებში შაქრიანი დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი დიდია.