ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური სტადიონის შესასვლელთან, გამჭვირვალე საპირფარეშო წინა ხელისუფლებამ ააშენა, რაშიც 35 825 ლარი დახარჯა.
საპირფარეშო, რომელიც ორი ოთახისგან შედგება, გამჭვირვალეა _ მინის კარიდან ყველაფრის დანახვაა შესაძლებელი, რაც ტუალეტში ხდება. აღსანიშნავია, რომ კარს სახელური არ აქვს. ამას კიდევ ერთი “ნოვაცია” ემატება _ უნიტაზები გვერდიგვერდ, გამყოფი კედლის გარეშე დგას და სურვილის შემთხვევაში, ორ ადამიანს, ერთმანეთის გვერდით, უნიტაზებზე წამოსკუპებულებს, ტკბილ მუსაიფში შეუძლიათ დაიკმაყოფილონ ბუნებრივი მოთხოვნილება, თან, გამჭვირვალე კარიდან ნაცნობ-მეგობრებსაც მიესალმონ.
მიუხედავად იმისა, რომ საპირფარეშო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ააშენა, ტუალეტში არც კანალიზაციაა და არც წყალი.
შენობაში, რომელსაც კედლის ფილები, ფანჯრები და ინვენტარი ყოველდღე აკლდება და რომელიც ცოტა ხნის წინ გადმოეცა მუნიციპალიტეტს, საშინელი ანტისანიტარიაა.
_ აქ გავლაც კი შეუძლებელია. დიდი ხანია ამის მოწესრიგებას ვითხოვთ, მაგრამ უშედეგოდ. ხომ შეიძლება, რომ დაკეტონ მაინც?! _ ამბობენ ადგილობრივები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ტუალეტის კარებს მოსახლეობა აღებს:
_ რამდენჯერმე ჩავკეტეთ. „შურუპებიც“ კი დავამაგრეთ, მაგრამ მაინც აღებენ, _ ამბობს გამგებელი, რომლის ინფორმაციით, შენობის გასხვისებას გეგმავენ.
_ ცოტა ხნის წინ გადმოგვეცა ეს საპირფარეშო ბალანსზე და გასხვისებას ვგეგმავთ, _ გვითხრა კუჭავამ.
_ ბატონო ირაკლი, ზედამხედველობის სამსახურს ნანახი აქვს იქ არსებული სიტუაცია?
_ კი, წინა კვირას იყვნენ. როგორც გითხარით, ბევრჯერ დავკეტეთ, მაგრამ მაინც გააღეს. ხვალაც ჩავა შესაბამისი სამსახური, _ დაგვპირდა გამგებელი, რომლის ინფორმაციით, გასხვისების შემთხვევაში იქ საპირფარეშო ვერ იქნება, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შენობაში არც საკანალიზაციო სისტემაა და არც წყალი.