პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ომალოს სასაზღვრო სექტორზე იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-5 სამმართველოს (ლაგოდეხი) მე-7 სასაზღვრო სექტორის მესაზღვრეებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წინასწარ მიულოცა მესაზღვრის დღე, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. მან მადლობა გადაუხადა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის, სამშობლოს დაცვისთვის, ვაჟკაცობისა და ამტანობისთვის.
“თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები. საქართველოს სახელით, მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის, ჩვენი სიმშვიდისთვის. გისურვებთ დღეგრძელობას, საქართველოს გაძლიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას”, _ განაცხადა პრემიერმა მესაზღვრეებთან შეხვედრისას.
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიკლოში იმ მესაზღვრეებს შეხვდა, რომლებიც #7 სასაზღვრო სექტორის დროებით სასაზღვრო პოსტზე მსახურობენ. გიორგი კვირიკაშვილმა მათ პროფესიული დღესასწაული მიულოცა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ხუთწლიან მოდერნიზაციის, სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, ინფრასტრუქტურის განახლებას, საზღვაო ფლოტისა და ავიაციის საშუალებების მოდერნიზაციას. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, განახლდა სატრანსპორტო საშუალებები, პერსონალური აღჭურვილობა, გაუმჯობესდა სასაზღვრო პოლიციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემები.
თუშეთში მყოფი პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, იწყება თუშეთის გზის მშენებლობა, რაც უმნიშვნელოვანესია მთა-თუშეთის განვითარებისთვის; ხორციელდება მთელი რიგი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად; ასევე დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები.