თბილისის მერია პარკირებისთვის საათობრივი გადასახადის დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად თბილისის საკრებულოში შექმნილი ჯგუფიც მუშაობს, სადაც მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები.
როგორც “საქმის კურსს” დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, ჯგუფის წევრებმა ბოლო შეხვედრაზე პარკირების ახალი სტრატეგიის ძირითად პრინციპებზე ისაუბრეს.
“დღეს დროის ყველა მონაკვეთში და ყველა უბანში ერთიანი, უნიფიცირებული გადასახადია. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ აღნიშნული სისტემა არაეფექტური და შესაცვლელია. კერძოდ, ახალი სტრატეგია შეიძლება, შემდეგ ამოსავალ პრინციპებს დაეფუძნოს – გეოგრაფიული ნიშნით ზონირება და დროის მიხედვით გადასახადის დაწესება. ვფიქრობთ, რომ ცენტრში და პერიფერიებში უნდა არსებობდეს დიფერენცირებული სატარიფო სქემა. ბოლო შეხვედრაზე ჩვენ ამ კუთხით თანხმობა და კონსესუსი გვქონდა. მარტში კონსულტანტებთან ერთად ველოდებით სტრატეგიის პირველად დოკუმენტს, რომელსაც შემდეგ საკრებულოს კომისიის ფორმატში განვიხილავთ”, – განმარტა ლექვინაძემ.
მას შემდეგ, რაც მერია აღნიშნულ სამუშაო ჯგუფთან ერთად სტრატეგიას მოამზადებს, დოკუმენტს თბილისში პარკირების სისტემის ოპერატორს “სითი პარკს” გააცნობს.
“ეს არ იქნება არავისთვის მიუღებელი. თუ ქალაქი გადაწყვეტს, რომ მას პარკირების ახალი სტრატეგია და მიდგომები სჭირდება, ბუნებრივია, ეს განხორციელებული იქნება“, – აღნიშნა ლექვინაძემ.