პოლიციის მიერ დაჯარიმებული ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო საქმისწარმოება შეწყდა. რაც შეეხება ჯიმი ვარშანიძეს, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევის გამო ჯარიმა დაეკისრა 100 ლარის ოდენობით.
მოსამართლის ცნობით, ჯარიმა ვარშანიძემ საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 7 დღეში ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის დაჯარიმებას მოჰყვა ის საპროტესტო აქცია, რომელიც სპეცრაზმის ჩარევით დაშალეს.