რუსთავი 2-ის აქციების 80%-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები განცხადებას ავრცელებენ, სადაც გამოთქვამენ მზადყოფნას ტელევიზიის წილის 40% თანამშრომლებს გადასცენ.
“მივმართავთ რუსთავი 2-ის კოლექტივს, მის თითოეულ თანამშრომელს.
მეგობრებო, თქვენი როლი საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეუფასებელია. რომ არა თქვენი ყოველდღიური თავდადება, დღეს რუსთავი 2 აღარ იარსებებდა, ან უკვე გადაქცეული იქნებოდა ივანიშვილის პირად, პროპაგანდისტულ არხად. ის, რაც თქვენ შეძელით ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის შეტევა ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად ღია ფაზაში შევიდა, არის სამოქალაქო გმირობა, რომელიც შევა საქართველოს ისტორიაში.
კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა სიმამაცე და ტიტანური შრომა დგას ამ ყველაფრის უკან. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს ამისთვის! თქვენი ბრძოლის შედეგად, რუსთავი 2 გადაიქცა ჭეშმარიტად სახალხო ტელევიზიად. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმისა და პრინციპულობისადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, ტელეკომპანიის მფლობელებმა გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ შემდეგი:
ჩვენი წილები ტელეკომპანია რუსთავი 2-ში (40%) უსასყიდლოდ გადაეცეს ტელეკომპანიის კოლექტივს, რათა თქვენ უკვე მფლობელების რანგში გახდეთ ტელევიზიის სამომავლო ბედის განმსაზღვრელი და თანამონაწილე.
მოგეხსენებათ, ამჟამად ჩვენი წილები დაყადაღებულია, მაგრამ მზად ვართ, შესაბამისი ხელშეკრულებები დავდოთ ახლავე, იმ პირობით, წილის გადმოცემა ძალაში შევა ყადაღის მოხსნისთანავე.
რუსთავი 2-ში ამჟამად დასაქმებულია ათასამდე ადამიანი, რომელთა ხელფასები მერყეობს თვეში 500-დან 60,000 ლარამდე. მიუხედავად თანამდებობისა და ანაზღაურების ოდენობისა, ყოველი მათგანის კონტრიბუცია ტელეკომპანიის ფუნქციონირებაში უნიკალური და ფასდაუდებელია. მოგმართავთ თხოვნით, დავიწყოთ კონსულტაციები, რათა არავის ღვაწლი არ დარჩეს უღიარებელი და წილები კოლექტივს გადაუნაწილდეს ღიად და სამართლიანად.” _ აღნიშნულია ყარამანიშვილების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.