პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს, ასევე ბრიუსელში, ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხის წარმოჩენას და ამ მიმართულებით კოორდინირებულ უწყებათაშორის მოქმედებას.
“ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში, განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, თავდაცვისუნარიანობის გაღრმავებისკენ მიმართული გეგმები და პროცესები, განვიხილეთ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხის წარმოჩენის თვალსაზრისით კოორდინირებულად გადასადგმელი ნაბიჯები. ბრიუსელის სამიტზე მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები არიან მიწვეული. შესაბამისად, საქართველოს წინაშე დგება მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ კოორდინირებულად თავდაცვის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების საბჭომ, პრემიერმა, პრეზიდენტმა ერთად იმოქმედონ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით საქართველოს საკითხს მიექცეს შესაბამისი ყურადღება ამ სამიტზე”, _ განაცხადა მარგველაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved