ავსტრალიელი და ბრიტანელი ბიოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხანდაზმულ ასაკში ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითების სიჩქარე გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ნათქვამია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები ადრეულ ასაკში ყალიბდება და მცირედით იცვლება ცხოვრების მანძილზე. ეს დასტურდება მრავალრიცხოვანი IQ-ს ტესტებით და სხვა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტებით. ამასთან, თავის ტვინის დაბერების პროცესი სხვადასხვა ადამიანებში განსხვავებულია; ხანდაზმული ადამიანების ნაწილი სწრაფად კარგავს თავის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, მაშინ, როცა სხვები საღ აზროვნებას ცხოვრების ბოლომდე ინარჩუნებენ.
ბრიტანელმა ბიოლოგებმა აინ დირის ხელმძღვანელობით ერთმანეთს შეადარეს ერთი და იმავე ადამიანების ბავშვობის დროინდელი და ხანდაზმულობაში მიღებული ინტელექტუალური მონაცემები. მუშაობის დროს მათ ექსპერიმენტის მონაწილეთა შესახებ არსებულ საარქივო მასალა გამოიყენეს. კერძოდ, კვლევა ჩაუტარდა შოტლანდიელთა ორ ჯგუფს, 1921 წელს და 1936 წელს დაბადებულ ადამიანებს.
ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ გენეტიკური ფაქტორები თავის ტვინის დაბერების პროცესში უდიდეს როლს ასრულებს. მეცნიერების მტკიცებით, საღად მოაზროვნე მოხუცების შთამომავლები ასევე გამორჩეულნი იქნებიან ხანდაზმულ ასაკში თავისი ინტელეუქტუალური შესაძლებლობებით. ამის ალბათობა, მათი დასკვნით, 24% შეადგენს.
დირი და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ ექსპერიმენტის მონაწილეთა რაოდენობის ზრდა და დნმ-ის უფრო კონკრეტული გამოკვლევა საშუალებას მისცემს მათ, დააზუსტონ მიღებული შედეგები.