თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე ეკატერინე მიშველაძის სარჩელი, მოპასუხე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ და ბათილად ცნო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ის ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეკატერინე მიშველაძესთან შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტის გამო დაეკისრა მისთვის კომპენსაციის გადახდა 30 ათასი ლარის (დარიცხული) ოდენობით.
„მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა სამსახურიდან გათავისუფლების და გადაცემის გაუქმების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანის პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, იძულებითი განაცდური თანხის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს გადახდა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად მიიჩნია, რომ ეკატერინე მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლებისას დაირღვა მოსარჩელის შრომითი უფლებები. სახელდობრ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ „პირველი სტუდიის“ დახურვის შემდგომ, დამსაქმებლის მხრიდან, მოსარჩელისათვის სათანადო წესით არ იქნა შეთავაზებული კონკრეტული წინადადება სხვა სამუშაო ადგილზე დასაქმებასთან დაკავშირებით.
სასამართლოს თვალსაზრისით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან იმყოფებოდა განუსაზღვრელი ვადით არსებულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში, ერთი გადაცემის დახურვა საფუძვლად ვერ დაედება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. სასამართლომ ისარგებლა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამსახურში აღდგენის ნაცვლად მოპასუხე მხარეს, ეკატერინე მიშველაძის სასარგებლოდ დააკისრა კომპენსაციის გადახდა სასამართლოს მიერ განსაზღვრული – 30 ათასი ლარის (დარიცხული) ოდენობით. სასამართლოს არ დაუდგენია დამსაქმებელ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან დასაქმებული ეკატერინე მიშველაძის მიმართ რაიმე ნიშნით, (მათ შორის პოლიტიკური) დისკრიმინაციის ფაქტი.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში“, _აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
ამავე თემაზე:
ეკა მიშველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს დავა მოუგო _ ტელევიზიას კომპენსაციის გადახდა დაეკისრა