თბილსის საქალაქო სასამართლო სს “ტერაბანკის” საქმეზე სასამართლო განმარტებას აკეთებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია საქმე სს „ტერაბანკსა“ და სს შატო მანავს, შპს კონცერნი თექას და ნანა გ.-ს შორის. საქმე სასამართლოში შემოვიდა 2016 წლის 1 ივნისს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხეს აეკრძალა სადავო უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. სს ‘’ტერაბანკს’’ არ გამოუყენებია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და აღნიშნული განჩინება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად გაუგებარია მისი პრეტენზია განჩინების აღსრულებით გამოწვეული შედეგების მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელეთა განცხადება დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ სს შატო მანავის, შპს კონცერნი თექას და ნანა გ.-სთვის საჩივარზე უარის თქმის შედეგად 2016 წლის 09 ნოემბრის განჩინებით საქმე გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. დღეის მდგომარეობით საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დაბრუნებულა.
“ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საფუძველს მოკლებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის გაჭიანურების მცდელობაზე საუბარი. მოცემულ საქმეს, იხილავს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე. მანვე განიხილა დავა მოსარჩელე სს ”თბილისის თამბაქოსა ” და მოპასუხეებს – შპს ფილიპ მორის საქართველო, სს ფილიპ მორის ეს. ეი-ს შორის. ამ საქმეთა საერთო კონტექსტში ხსენება სრულიად გაუმართლებელია და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, მით უფრო მოსამართლის კრიტიკა საქმის განხილვის ვადების დარღვევასთან დაკავშირებით”, _ ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.