“პასუხს ვაგებ იმაზე, რომ სახელმძღვანელოები იქნება ძალიან ხარისხიანი”, _ ეს განცხადება განათლების მინისტრმა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებით კომენტირებისას გააკეთა.
ალექსანდრე ჯეჯელავა თქმით, სახელმძღვანელოები, რომლებსაც კერძო დაწესებულებები, გამომცემლები და პოლიგრაფისტები დაბეჭდავენ, მაღალი ხარისხის იქნება. რაც შეეხება გამომცემლობების კრიტიკას, მინისტრის განმარტებით, ის გამომცემლობები, რომლებსაც ყველაზე მეტი პრეტენზიები აქვთ, ცუდ სახელმძღვანელოებს ბეჭდავენ და თან მაღალ ფასად.
”მათ, თავის დროზე შეძლეს, რომ მაღალ ფასად ცუდი სახელმძღვანელოები შეექმნათ, ამიტომ მათი წუხილი სახელმძღვანელოების ხარისხზე უადგილოა. დარწმუნებული ვარ და რა თქმა უნდა, პასუხს ვაგებ იმაზე, რომ სახელმძღვანელოები იქნება ძალიან ხარისხიანი”, _ განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრმა ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრაა. ”არსებობს ასეთი სატენდერო სქემები, მაგალითად, მსოფლიო ბანკი იყენებს საკონსულტაციო მომსახურებაში, როცა ხარისხს აქვს მაღალი წონა და მხოლოდ მაღალხარისხიანი მონაწილეები შედიან საფასო კონკურენციაში. ამის მსგავსი თემაა, ანუ ჯერ გადავარჩევთ საუკეთესო სახელმძღვანელოებს, შემდეგ საუკეთესოებში შედგება საფასო კონკურენცია, საუკეთესოებში ყველაზე დაბალი ფასის მქონე რამდენიმე მიიღებს გრიფირებას”, _ განაცხადა მინისტრმა.
გამომცემლები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ გამოდიან. სხვადასხვა გამომცემლობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული გრიფირების წესი მათ აზარალებს და არათანაბარ პირობებში აყენებს.