შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ჩ.-მ მიმდინარე წლის 31 მარტს თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, კლუბ „დოლზში“, სადაც იგი კერძო დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, ინდოეთის მოქალაქეებს შეკვეთის საფასურად შეუსაბამო თანხის – 3 638 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაზეც უცხოელებმა პრეტენზია გამოთქვეს.
„ბრალდებული, კლუბის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ინდოეთის მოქალაქეებს ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შემდეგ ა.ჩ.-მ ერთ-ერთ მათგანს საფულე წაართვა და თანხის საკრედიტო ბარათით გადახდა აიძულა.
დაზარალებულებმა პოლიციას დახმარებისთვის მომხდარიდან ორი დღის შემდეგ მიმართეს“, _ აცხადებენ შსს-ში.
სამართალდამცველებმა ა.ჩ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).