“არ მჯერა, რომ გოდერძი თევზაძე ჩემი შვილის მკვლელობასთან რაიმე კავშირშია”, _ ამბობს სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა და საქმეში ახალი მტკიცებულების გამოჩენასა და მისი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებული გოდერძი თევზაძის უდანაშაულობაზე საუბრობს.
გარდაცვლილის დედის თქმით, საქმის მასალებში დევს წერილი, რომელიც მან სახლის ეზოში იპოვა და რომლითაც ირკვევა, რომ დემურ სტურუას ჯართის ჩამბარებელ პუნქტში, ერთ-ერთ პირთან პრობლემები ჰქონდა.
დემურ სტურუას დედის ინფორმაციით, წერილი იმ ტაქსის მძღოლის მიერაა დაწერილი, რომლის მანქანითაც გარდაცვლილს სხვადასხვა ნივთები გადაჰქონდა.
”ჩემს შვილს ჰქონდა პრობლემა ”მეჯართესთან”. წაუღია ჯართი ტაქსით და მოპარული არყის ქვაბები ჩაუბარებია. ამ ტაქსის მძღოლმა მოაკითხა და დატოვა წერილი, რომ ნახვა უნდოდათ მისი. ეს წერილი მივიტანე პროკურატურაში, დაკითხეს ეს მძღოლი, მაგრამ შედეგი არაფერია. არავის აინტერესებს სიმართლე. დაკავებულია გოდერძი თევზაძე და არ მინდა უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს, მაშინ, როდესაც ჩემი შვილის მკვლელი თავისუფალია. ჩემს შვილს იძულებით დააწერინეს წერილი და ჩამოკიდეს. არ მჯერა, რომ გოდერძი თევზაძე ჩემი შვილის მკვლელობასთან რაიმე კავშირშია”, _ განაცხადა ნონა ჯოჯუამ.
დემურ სტურუას დედა ამბობს, რომ მას მაზლის ცოლი დარეჯან ჯაში ემუქრება და მისი შვილის საფლავზე მისვლას უკრძალავენ.
სამტრედიაში სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდა.
პროკურატურამ სამტრედიის პოლიციის თანამშრომელს ბრალი წაუყენა, თუმცა გოდერძი თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ის სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.