ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი, ტურისტული, ლოჯისტიკური ცენტრი ხდება.
გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლის, ასევე ხაზგასმით აღნიშნა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა, თითქმის მილიარდიანი პროექტი, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია.
„დაწყებულია ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა, რომელიც სრულიად ახალ იმპულსს შესძენს ქუთაისს. ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. მე არაერთხელ მითქვამს, როგორც ჩვენს გუნდში, ასევე საჯაროდ, რომ ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქარეთ.
ქუთაისი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი და ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი. ის ისტორიულად იყო და არის კულტურული ცენტრი საქართველოსი და გახდება სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ტურისტული ცენტრი“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
1tv.ge