„ცენტრ პოინტის“ საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა.
რჩეულიშვილის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ითხოვა.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თაობაზე არ დაეთანხმა, თუმცა სასამართლოს სთხოვა, რომ გირაოს თანხა 10 000 ლარით განისაზღვროს.
ამასთან, პროკურორებმა გირაოსთან ერთად ბრალდებულისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევაც ითხოვეს, ვინაიდან, როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, კვლავ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე.
აღნიშნული შუალმდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს საქართველოს პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოერთვა.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა.
გურამ რჩეულიშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.
ამავე საქმეზე ბრალდებული „ცენტრ პონტ აჭარას“ თანამშრომლი ირაკლი მინდელი გირაოს სანაცვლოდ გასულ წელს გათავისუფლდა.
აღნიშნულ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული სალომე ჩარკვიანი საპროცესო შეთანხმების საფუძველზეა გათავისუფლებული.
ე.წ. მაგნოლიას ეპოზოდზე „ცენტრ პოინტი აჭარა“-ს თანამშრომლებს სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს, მაია რჩეულიშვილს და გუკა რჩეულიშვილს ბრალი სხვისი ქონების გაფლანგვის ბარლდებით დააკავეს.
მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.