განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა დედაენის კვირეულს იწყებს.
დედაენის დღესთან დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში 13-დან 21 აპრილს ჩათვლით დედაენის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იქნება.
მათი ინფორმაციით, სკოლის ათივე რეგიონულ სასწავლო ცენტრში, გაიმართება თავისუფალი გაკვეთილები, რომლებიც იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების კითხვას დაეთმობა.
ღონისძიებები ახალქალაქში, ნინოწმინდაში, წალკაში, გარდაბანში, ლამბალოში, მარნეულში, ბოლნისში, ლაგოდეხში, დმანისსა და ახმეტაში გაიმართება.
დედაენის კვირეულში სკოლის მსმენელებთან ერთად ჩაერთვებიან ადგილობრივი ანსამბლები და მოწვეული სტუმრები.
დედაენის კვირეულის მიზანია ქართული ენის სწავლების პოპულარიზაცია და ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. ასევე სკოლის მიზანია, სტუმრებს გავაცნოთ ჟვანიას სკოლის საქმიანობის შედეგები.