ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ საპატრიარქოს სამდივნოს 5 თანამშრომელი დაკითხა.
გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, ყველა მათგანის ჩვენება სიტყვასიტყვით ჰგავდა ერთმანეთს, რაც ეჭვებს აჩენს.
გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, მან პროკურატურიდან უკვე მიიღო საქმის ახალი მასალები, სადაც ახალი მოწმეების დაკითხვის ოქმები და ექსპერტიზის დასკვნებია.
„მათ შორენას სადეკანო დაკითხეს, რომლებიც საუბრობენ თუ რა კეთილი ქალბატონია შორენა. ამ საქმეში იყო რამდენიმე ექსპერტიზა დანიშნული, რამდენიმეზე პასუხი არის მოსული. ძირითადად ეხებოდა მამა გიორგი მამალძისგან ტექნიკური საშუალებებს, რომელიც ამოიღეს, საქმის მასალიდან მასზე ჩატარდა ექსპერტიზები და შემიძლია გითხრათ, რომ არც იქ ჩანს, რომ მამა გიორგი მამალაძე ვინმეს მკვლელობას ამზადებდა,“-აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.
კიდევ ერთხელ დაიკითხა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეც ირმა ჭკადუა. საპატრიარქოს წარმომადგენელთა დაკითხვას ადასტურებს საპატრიარქოს იურისტი.
„დაიკითხნენ საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლები, ადმინისტრაციისა და კანცელარიის თანამშრომლები, სამოქალაქო პირები. ხუთი პიროვნება გამოიკითხა მოწმის სტატუსით და მათ მისცეს ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაუგიათ ციანიდთან ან გველის შხამთან დაკავშირებით. მათ მისცეს ჩვენება მე როგორც ვიცი, რომ მათ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ უბრალოდ არ სმენიათ,“-განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.