ლანჩხუთში, სუფსა-გულიანი-ჩოჩხათის გზის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით, რომელიც საუკუნის პროექტადაა მონათლული ადგილობრივი მოსახლეობა მთლად კმაყოფილი არაა და სამუშაოების დასრულების შემდეგ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, ალტერნატიული ექსპერტიზის მოწვევასაც კი გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ლანჩხუთის საკრებულოში ჩოჩხათის მაჟორიტარმა ალექსანდრე სარიშვილმა გააკეთა.
აღნიშნულ გზაზე სამუშაოები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს “სამკუთხედი” ახორციელებს. “სამკუთხედმა” 4 000 436 ლარად შეფასებული პროექტი სამ მილიონ ლარად მოიგო. პროექტი გარდამავალია და მთლიანობაში სამ წელზეა გათვლილი. სამუშაოების პირველ ეტაპზე სოფელ გულიანის მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი.
მანამდე კი ადგილობრივმა მოსახლეობამ სუფსა-გულიანი-ჩოჩხათის გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების მოთხოვნით არა ერთხელ გამართა საპროტესტო აქცია. ბოლო ასეთი აქცია გასული წლის 20 მაისს შედგა, სადაც მოსახლეობასთან შესახვედრად უშუალოდ მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე იმყოფებოდა, რომელმაც დააანონსა, რომ სამუშაოების დაწყება ზაფხულიდან იგეგმებოდა.
ეს პირობა არ დაირღვა და სუფსა-გულიანი-ჩოჩხათის გზის მონაკვეთზე სამუშაოების დაწყების საკმაო ხალხმრავალი პრეზენტაცია 2015 წლის 31 ივლისს მოეწყო, სადაც ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გუბერნიისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ეს იყო საუკუნის პროექტი და პროექტის შესაბამისად, ჩოჩხათში მშენებარე გზა მაღალი დონის იქნებოდა _ ჯებირებით, ხიდებით, ბორდიურებითა და სარკეებით.
თუმცა, მალევე, სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე თვეში, ადგილობრივი მოსახლეობა შესრულებული სამუშაოების უხარისხობაზე ალაპარაკდა:
“შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ასფალტი დაგებულია ზერელედ და უხარისხოდ. ცალკეულ ადგილებზე ჩანს დიდი ზომის ნაპრალები და სულ რაღაც სამი თვის წინ დაგებულ გზაზე მალე ისეთი ორმოები გაჩნდება, როგორიც ადრე იყო”, _ ამბობდნენ მაშინ ჩოჩხათელები და დროებით მშენებლობის შეჩერებასაც კი ითხოვდნენ.
როგორც ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ნონა მურვანიძის საუბრიდან ირკვევა, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დღესაც იგივე მდგომარეობაა და მოსახლეობა ისევ გამოთქვამს პრეტენზიებს. მურვანიძის თქმით, სამწუხაროდ, ხელისუფლება აქცენტს არ აკეთებს შესრულებული სამუშაოების ხარისხზე:
“ყველაზე ცუდი მიდგომა აქვს ხელისუფლებას შერჩეული _ აქცენტი გადატანილი აქვს არა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, არამედ მის სიიაფეზე. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც. სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლების დროს გაკეთილშობილდა რამე. რომელიმე დასრულებული პროექტი თუ არსებობს, რომ ერთი წელი თავი გაეტანოს და არ დაზიანებულიყოს?!
ხშირად ამბობენ, ჩოჩხათში საუკუნის პროექტი კეთდებაო. გზის მშენებლობა ჯერ ბოლომდე დასრულებული არაა და გულიანის მონაკვეთი უკვე დაზიანებულია. არადა, ამისთვის კომპანიას თანხა უკვე ჩარიცხული აქვს. ისე, როგორ იქნება ვარგისიანი, ექვს მილიონად შეფასებულ სამუშაოებს სამ მილიონად რომ აკეთებენ?!”
სუფსა-გულიანი-ჩოჩხათის გზის მონაკვეთთან დაკავშირებით ნონა მურვანიძის მიერ გამოთქმულ შენიშვნას გარკვეულწილად “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატი ალეკო სარიშვილიც ეთანხმება:
“გარკვეულ მონაკვეთზე მართლაც ცუდი გზაა, მერე კი გამოსწორებულია მდგომარეობა. მოსახლეობა ამას ვერ აღიქვამს კარგად და ალტერნატიული ექსპერტიზის მოყვანას გეგმავს. მათ ამ კუთხით ყველაფერი გარკვეული აქვთ უკვე,” _ ამბობს სარიშვილი.
აღნიშნულ გზის მონაკვეთთან დაკავშირებით დეპუტატთა მხრიდან გაჟღერებულ შენიშვნების პასუხად მუნიციპალიტეტის პირველი პირი, ზაზა ურუშაძე ამბობს, რომ პრობლემური გზის ჩაბარება არ მოხდება: “მე რა უნდა მექნა, როცა ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ ეს პროექტი სამ მილიონ ლარში გახორციელდებოდა?! ნუ ვინერვიულებთ წინასწარ _ ძალიან მალე, ორ-სამ თვეში დასრულდება ეს პროექტი და თუ რამე ხარვეზი იქნება, არ ჩავიბარებთ”.