პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობას ტოვებს. საზოგადოებრივის ინფორმაციით, მან მთავრობის ადმინისტრაციას შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად საზოგადოებრივი პაატა ხიზანაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაძლოა, სხვა თანამდებობაზე სამუშაოდ გადავიდეს. მისივე განცხადებით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.
„გადადგომა არ არის, ეს არის სხვა თანამდებობაზე გადასვლა. ამაზე მთავრობა მსჯელობს და მთავრობის გადაწყვეტილება იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ არის გუნდთან შეთანხმებული“, – განუცხადა საზოგადოებრივს ხიზანაშვილმა.
პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად 2014 დეკემბრიდან მუშაობს. 2006 წლიდან გუბერნატორად დანიშვნამდე, პაატა ხიზანაშვილი „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და „ბანკი ქართუს“ საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიასა და თბილისის საავიაციო გაერთიანებაში.
ამასთან, არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში თანამდებობები სხვა გუბერნატორებმაც დატოვონ.
1tv.ge