საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღმავებას, შავი ზღვის თანამშრომლობის განვითარებას, თურქეთ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გაძლიერებას.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკაშირებულ საკითხებს.
„ვისაუბრეთ სამმხრივ შეხვედრებზე – თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოების ერთობლივ მემორანდუმზე.
განვიხილეთ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში.
ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს შედგება საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა, და ასევე, მაისში, „ბი სე კი-ს“ ფორუმის ფორმატში საუბარი იქნება სამმხრივ თანამშრომლობებთან დაკავშირებით”, _ განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.