იმერეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრები 23 წლის ახალგაზრდა დახმარებას ითხოვს.
როგორც თვითონ აცხადებს, მას მეუღლე 4 წლის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა. ამის შესახებ მან “მაესტროს კონტაქტთან” საუბრისას აღნიშნა.
გოგონას თქმით, მას ყოფილი მეუღლე ეუბნებოდა, რომ თუ მისი ცემის შესახებ ვინმე გაიგებდა, ის იარაღით მის ოჯახის წევრებს სიცოცხლეს გამოასალმებდა.
მისივე თქმით, ის ახლა მეუღლესთან არაოფიციალურად დაშორებულია. თუმცა, მისი მცირეწლოვანი შვილი ამ დრომდე მამასთან ცხოვრობს. არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა, გოგონას მეუღლის ოჯახი მას არ ასრულებს და ბავშვს დედას არ აძლევს.
“საშინელ პირობებში ვყავდი 4 წელი. ცემა, წამება და არაადამიანური მოპყრობა ჩემი ყოველდღიურობა იყო. ერთხელ მთვრალი მოვიდა, დამაგდო საწოლზე, გამბორკა და ცემა დამიწყო, ყვირილი რომ დავიწყე ბალიში დამადო და გაგუდვას მიპირებდა. სახეზე სულ დალურჯებული ვიყავი ხოლმე. იყო ერთი შემთხვევა, მან იარაღი მომადო, რომელიც იყო გადატენილი და მითხრა, თუ შენ ხმას ამოიღებ და შენი ცემის შესახებ ვინმეს ეტყვი, შენი ოჯახის წევრებს სიცოცხლეს გამოვასალმებო. ამ იარაღს ის უკანონოდ ინახავს და ატარებს,“_ აცხადებს ახალგაზრდა და დასძენს, რომ ამის გამო პრობლემის გახმაურებას ერიდებოდა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებული ჯერჯერობით არ არის.