საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ გუგეშაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის შესყიდულ სახლები მოინახულეს.
სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 191 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო, საქართველოს მასშტაბით, სახლს კიდევ 1000-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიძენს.
„სოფლად სახლის პროექტი, სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. ამ ოჯახების მაგალითზეც ვხედავთ, რომ ადამიანები არა მხოლოდ ძალიან კარგი საცხოვრებელი სახლების მფლობელები გახდნენ, არამედ გაუჩნდათ შემოსავლის წყაროც. მაგალითად, ერთ-ერთ ოჯახს ეზოში აქვს სათბური, სადაც შეუძლია გასაყიდი პროდუქცია მოიყვანოს. ძირითად შემთხვევებში სწორედ ასეთ სახლებს ყიდულობს სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1 366 ოჯახს შეუსყიდა.
(R)