გუშინ, ქუთაისში, ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში, გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჭერის ჩამონგრევის დროს საკლასო ოთახში 30 მეექვსეკლასელი იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.
როგორც „მოამბესთან“ ინტერვიუში სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მომხდარის მიზეზი ორპირი ქარი იყო.
მათი თქმით, სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, ვინაიდან შპს „სვირი პლუსი“ მზად არის, ჭერის აღდგენის სამუშაოები ანაზღაურების გარეშე შეასრულოს.
მაუწყებლის ცნობით, საკლასო ოთახის დაზიანებული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და სასწავლო პროცესი ორშაბათს ჩვეული რეჟიმით განახლდება.