საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომავალ პარლამენტში მხოლოდ იმდენი ფრაქცია შეიქმნება, რამდენი სუბიექტიც ბარიერს გადალახავს.
ამის შესახებ კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„დღეს არასწორი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული საქართველოს პარლამენტში. რეალურად არის ოთხი სუბიექტი პარლამენტში წარმოდგენილი და ჩამოყალიბებულია 11 საპარლამენტო ფრაქცია. ეს წინააღმდეგობაშია ევროპულ ტრადიციებთან. გვინდა, რომ კონსტიტუციის დონეზე მოვაწესრიგოთ ეს საკითხი და მომავალ პარლამენტში რამდენი სუბიექტიც გადალახავს ბარიერს, იმდენი ფრაქცია შეიქმნება“, _ განაცახდა კობახიძემ და დასძინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიის შიგნით სრული კონსენსუსი შედგა.
მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ნაწილში ოპოზიციის უფლებები სხვადასხვა კუთხით ძლიერდება.
„დღეს უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას საგამოძიებო კომისის შექმნის თაობაზე და ეს უფლება იქცევა უკვე უმცირესობის უფლებად. კერძოდ, პარლამენტის წევრთა 1/3-ს შეეძლება საგამოძიებო კომისიის შექმნა“, _ დასძინა კობახიძემ.