საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. ამასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენცია გამართა და განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
მედიასთან მინისტრმა საყოველთაო პროგრამის ჯუფებსა და დაფინანსების პირობების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება აქვთ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.
გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტი ქონის მიუხედავად, შენარჩუნებულია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა. კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
“დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე, თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს, კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, პედაგოგებსა და შშმ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩინდათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით.
პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს უფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩა ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების (მაგ: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ა.შ) მოსარგებლეებად.
ამასთან, ზაფხულიდან პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 -მდეა, ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ. ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები; დიაბეტის მე-2 ტიპი;
ფილტვების ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები”, _ განმარტა მინისტრმა.
მედიკამენტების ღირებულება კი სიმბოლურად, თვეში, მაქსიმუმ, 1 ლარი იქნება.