პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართეთ, _ ამის შესახებ „ღამის მგლების“ ერთ-ერთმა წევრმა რომან ვარანცოვმა ჟურნალისტებს თბილისში, ვაკის პარკში განუცხადა.
მისივე თქმით, ის საქართველოში სტუმრად იმყოფება.
„უბრალოდ ჩამოვედით სტუმრად ქვეყანაში, რომელიც ძალიან მოგვწონს. პირველად 6 წლის უკან ვიყავი ჩამოსული. საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს და პირველად არ ვიმყოფები აქ. რაც შეეხება ვაკის პარკში მოსვლას, დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, ორნი მოვედით“, _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რომან ვარონცოვმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უნდა მიმართონ.
ვაკის პარკში ე.წ. ღამის მგლების წევრები ცოტა ხნის წინ მივიდნენ და ტერიტორია უკვე დატოვეს. მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს და მიხაკებით შეამკეს.
ცნობისთვის, ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 72 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის მხოლოდ საქართველოდან 200 ათასი მოქალაქე დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ვაკის პარკში დილიდან იკრიბებიან.
პარკში უკვე დამონტაჟებულია სცენა, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართება. ასევე, დაგეგმილია სადილი ვეტერანებისთვის.