ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, გურიის ქუჩაზე, ცენტრალური უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პსპ-ს აფთიაქიცაა, ამ დღეებში კომერციული ჯიხურები დაიდგმება.
იქვე გამოკრულ აბრაზე წერია, რომ დამკვეთი არის შპს “ტრანსუნივერსალი“. მასზე აღნაგობით გაცემულია 26 კვმ. მიწის ფართობზე კომერციული დანიშნულების ჯიხურების მონტაჟი.
აღნიშნულ მშენებლობას მოქალაქეები აპროტესტებენ, მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი შენობა-ნაგებობის დადგმა არ არის მიზანშეწონილი.
გამვლელ-გამომვლელი კი გაკვირვებით კითხულობს: “რა შენდება? როდის ჩაასხეს ფუნდამენტი? აქ გუშინ არაფერი იყო, ვინ აშენებს? ამის ადგილი აქ არის? ფეხით მოსიარულეთათვისაც კი არ რჩება ადგილი, ხალხს ლუკმა-პურის ფული არ აქვს, ტროტუარებიც მიისაკუთრეს, მთავრობა მიწას ყიდის, ისევ თავად ყიდულობს, აშენებს და ჩვენ პურს ვერ ვშოულობთ, ხალხი ფეხებზე არ ჰკიდიათ? შეიძლება, მაგ ჯიხურებში დოლარები უნდა დაურიგონ გაჭირვებულ მოსახლეობას”, _ ამბობს მოსახლეობა.
ამირან ჩიჩუა, ოზურგეთელი: “ჩვენი ინფორმაციით, აქ ხვალ ჯიხურები უნდა დაიდგას. ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ ამას და მოდით, პროტესტი გვაქვს აბა კარგია ეხლა ეს? ერთი ნაძვი იდგა აქ, ხალხი დაღლილ-დაქანცული ჩრდილში ისვენებდა და ახლა აღარც მაგის საშუალება აღარ იქნება, შეიძლება ყველა ფეხის ნაბიჯზე რაიმე მშენებლობა მიმდინარეობდეს? ან ამის უფლება ვინ გასცა?“
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი დაგეგმარების, ურბანული განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, მამუკა სამხარაძე “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაძვს არანაირი საფრთხე არ ემუქრება:
“მაქ არაფერი მოიჭრება, საკრებულომ გამოუყო იჯარით ნაკვეთი შპს “ტრანსუნივერსალს“. იჯარით არის ეს მიწის ნაკვეთი გასხვისებული, თუ არ ვცდები ვიღაც დოლიძეზეა 20 წლით და აუნდა აიგოს მსუბუქი კონსტრუქციით შემინული ხუთი ჯიხური, ახლა გზაში ვარ და ორშაბათისთვის მოგაწოდებთ ზუსტ ინფორმაციას“.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ნინო გოგუაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ საკრებულოს თანხმობა აქვს მიცემული მერისთვის პირდაპირი განკარგვის წესით გაეცა მიწის ნაკვეთი.
“ზუსტად არ მახსოვს, მგონი 2016 წელს არის მიცემული თანხმობა მერისთვის, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გაეცა მიწის ნაკვეთი“.