საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს, გასული წლის განმავლობაში, 98640,00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, რაც ენერგეტიკის მინისტრის ხელფასს 40 077 ლარით მეტია. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ხმალაძის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
დეკლარაციის თანახმად, ხმალაძემ მინისტრის მოადგილის პოსტისთვის, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან, 2016 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე 98640,00 ლარი მიიღო.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ ხმალაძეს მინისტრზე მეტი შემოსავალი გასულ წლებშიც მიუღია.
საერთო ჯამში, 2014-2016 წლებში ირაკლი ხმალაძეს ენერგეტიკის სამინისტროდან 304 080 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, რაც 95517 ლარით მეტია, ვიდრე მინისტრის, კახი კალაძის უწყებიდან მიღებული შემოსავლები ამ წლებში.
კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ხმალაძის შემოსავალი 2015 წელს, 2016 წელზე გაცილებით მეტი, 104080.00 ლარი ყოფილა, რაც ამ წელს მინისტრის შემოსავალზე 29080 ლარით მეტი იყო. ხოლო 2014 წელს, ირაკლი ხმალაძის შემოსავალმა სამინისტროდან 101360.00 ლარი შეადგინა, რაც კახა კალაძის ამ წელს აღებულ ხელფასს 26360 ლარით აღემატება.
2017 წლის 3 მაისს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, ირაკლი ხმალაძეს “საქართველოს ბანკის” ანაბარზე 128 000,00 დოლარი; ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე –2400,00 ლარი; „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშებზე –500,00 ლარი და 950,00 ლარი, ხოლო „თი–ბი–სი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 4000,00 ლარი ერიცხებოდა.
ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ირაკლი ხმალაძემ 155 000,00–დოლარიანი იპოთეკური სესხი წინსწრებით დაფარა.
საბროკერო მომსახურებისთვის (საცხოვრებელი სახლის გაყიდვის მომსახურება) 11100,00, დოლარი გადაიხადა, ხოლო საცხოვრებელი სახლის გაყიდვიდან შემოსავალი 370 000,00 დოლარი მიიღო.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ხმალაძის ოჯახის საკუთრებაში 2008 წელს, 37000,00-დოლარად შეძენილი, 71,00 კვ.მ-ის ფართობის ბინაა თბილისში, დიდი დიღომი, I მიკრო რაიონში. ბინის 50%-ს ხმალაძე, ხოლო მეორე 5-%-ს მისი მეუღლე თამარ მცხვეთაძე ფლობს.
ცნობისთვის, ენერგეტიკი სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ირაკლი ხმალაძე 2000-2005 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა.
2013 წლის 24 მაისიდან დღემდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეა.
2011 წლიდან დღემდე ასევე არის „საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” (GIPA), ლექტორი;
2008-2013 ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო;
2005-2008 ენერგეტიკის სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა; ასევე იყო იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/წამყვანი სპეციალისტი. ხოლო 2003-2005 წლებში შპს იურიდიული ფირმას ,,MJO”იურისტი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.