პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის მთლიანი პროცესის დახურვას ითხოვს _ ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყების წინ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ დახურვის შუამდგომლობას დღევანდელი სხდომის დასაწყისშივე გააკეთებენ. მისივე განცხადებით, მათი თვითმიზანი არასდროს ყოფილა დეკანოზის პროცესის დახურვა. ამის დასტურია ის, რომ საჯაროდ გამოაქვეყნეს მტკიცებულებათა უპრეცენდენტო რაოდენობა, თუმცა საქმეში არის გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრების შესახებ მასალები, რომელიც ბრალდებასთან კავშირშია. გუბელაძის თქმით, პროკურატურა დღეს შესავალ სიტყვას წარადგენს, სადაც აღწერილია როგორ გეგმავდა მამალაძე მკვლელობას.
დეკანოზის ადვოკატები ახმოვანებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას და ამბობენ, რომ პროკურორის მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან. როგორც დეკანოზმა წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, მას დასამალი არაფერი აქვს.
ადვოკატების თქმით, პროცესის დახურვით, პროკურატურა ბევრ რამეს დამალავს. როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, პროცესი ღია უნდა იყოს, რომ საზოგადოებამ ინფორმაცია მიიღოს.
“პროკურატურის პოზიცია არ მიკვირს დასამალი ბევრი აქვთ. იმედი მაქვს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი მაინც გაიზიარებს ჩვენს პოზიციებს. მოსამართლის ინტერესშიც უნდა შედიოდეს. საქმეში პირადი ცხოვრების მასალაზე მამალაძე ამბობს, რომ არაფერი დასამალი არ აქვს. პროცესი კონკრეტული მოწმის ნაწილზე შეიძლება დაიხუროს და არა მთლიანად”, _ განაცხადა ფანცულაიამ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, პროკურატურის შემდეგ შესავალ სიტყვას ადვოკატებიც იტყვიან.