„ვენეციის კომისიის ექსპერტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს შენიშვნები არ გამოუთქვამთ. მათთან ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნა მთლიანად დოკუმენტთან დაკავშირებით, მათ შორის, საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც”,_ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ბერლინში, კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კითხვები არ დასმულა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, რადგან, მისივე განმარტებით, წესი თავსებადია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კონსესუსის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მდივნის, თომას მარკერტის განცხადებასაც.
„კონსესუსი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის კონსტიტუციას, ძირითად კანონს, თუმცა, ის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, იმაზეც თუ რამდენად მომწიფებულია პოლიტიკური სპექტრი კონსესუსისთვის. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, მთავარია, სათანადო დამოკიდებულება გამოავლინოს პოლიტიკურმა ოპოზიციამ. ასეთ შემთხვევაში, კონსესუსი იქნება მიღწეული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც სრულად თავსებადი იქნება სამართლებრივ პრინციპებთან და რომელიც ჩამოაყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. თუ ეს მიზანი იქნება მიღწეული, ამ შემთხვევაში, კონსტიტუცია ნამდვილად ჩაუყრის ძალიან მყარ კონსტიტუციურ საფუძველს ჩვენი დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას”,_ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონფერენციაზე დისკუსია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ბონუსის სისტემაზეც გაიმართა.
„საერთო პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჯერჯერობით გრძელდება მსჯელობა, საბოლოო პოზიცია არ არის გამოკვეთილი და დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნა ვენეციის კომისიის მხრიდან გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტი არის სრულ თავსებადობაში სამართლებრივ პრინციპებთან, ფუნდამენტურ პრინციპებთან. ეს იყო ჩვენი ამბიციური ხედვა, ეს იყო ჩვენი ამბიციური მიზანი და ეს მიზანი იქნება აუცილებლად მიღწეული”,_ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
22-23 მაისს ბერლინში, კონსტიტუციურ კანონის პროექტზე მსჯელობენ. კონფერენციას, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.