პრეზიდენტი მიესალმება ვენეციის კომისიის მდივნის თომას მარკერტის განცხადებას, რომელიც მნიშვნელოვნად მიიჩნევს კონსენსუსის მიღწევას კონსტიტუციის პროექტში პრეზიდენტის არჩევის წესისა და მანდატების განაწილების საკითხებთან დაკავშირებით.
ვენეციის კომისიის მდივნის განცხადებას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ბერლინის კონფერენციიდან გამოეხმაურა, სადაც საქართველოს საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობენ.
ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო განხილვების დაწყების პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შევქმნათ კონსენსუსის პრეცენდენტი და საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებებს ითვალისწინებს, გახდეს თანხმობის დოკუმენტი.