ქალაქის ცენტრში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოში ასფალტის საფარი, რომელიც წლის დასაწყისში დაიგო, ალაგ-ალაგ უკვე დაზიანებულია, რაც მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილების საბაბი შეიქნა.
რამდენიმე თვის წინ დაგებული ასფალტის საფარი რამდენიმე ადგილას, ერთ-ერთი კერძო სახლის ჭიშკართან ჩავარდნილია და ღრმა ღრმულებია გაჩენილი, რაც, იქ მცხოვრებლების თქმით, ფეხით მოსიარულეებს საფრთხეს უქმნის.
როგორც ირკვევა, მოსახლეობამ მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა სამუშაოების შემსრულებელი კომპანია “სამკუთხედის” წარმომადგენელი.
“როგორც კი ასფალტის საფარი დაზიანდა, “სამკუთხედის” წარმომადგენელს ტელეფონით დავუკავშირდით. დაგვპირდა, რომ მოვიდოდა და გაცნობოდა მდგომარეობას. ამბობენ, იყო მოსული და ნახა, რაც ხდება, თუმცა, ჩვენ ნამდვილად არავინ გვინახავს და არც ის ვიცით, როდის შეაკეთებენ დაზიანებულ მონაკვეთს.
ძალიან კარგია, რომ ეზო მოწესრიგდა, მაგრამ ერთ წელში თუ ისევ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა აქაურობა, რა გამოდის?! თავიდანვე ვამბობდით, რომ არ კეთდებოდა ხეირიანად საქმე, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. რამდენიმე თვეა, რაც დაიგო ასფალტი და ზოგან ჩავარდა, ზოგან წყალი დგება, ზოგან კი ბალახი ამოვიდა ზედ ასფალტის საფარზე,” _ ამბობს მოსახლეობა.
აღსანიშნავია, რომ აქაურ მობინადრეთა ნაწილი სამუშაოების მიმდინარეობისთანავე გამოთქვამდა უკმაყოფილებას სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით. მაშინ ადგილზე საკმაოდ ხმამაღალი დიალოგიც კი გაიმართა გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროს თენგიზ ხელაძესა და ერთ-ერთი ბინის მობინადრეს, ნადია ლუცს შორის.
მაშინ ლუცი უკმაყოფილო იყო სამუშაოს შესრულების ხარისხით და ამბობდა, რომ ამ გზის დაგებაზე დახარჯული ფული წყალში იყო გადაყრილი, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კი მასთან საუბარში საპირისპიროს ამტკიცებდა _ ამბობდა, რომ სამუშაოები საკმაოდ ხარისხიანად იყო შესრულებული და სამომავლოდ არ არსებობდა არანაირი საშიშროება, ამ კუთხით პრობლემა შექმნილიყო:
“მინიმუმ, სამწლიანი გარანტია არსებობს, რომ შესრულებული სამუშაო მწყობრიდან არ გამოვა, თუმცა, მე შემიძლია დაგპირდეთ, რომ 15 წელი აქაურობას არაფერი დაუშავდება და ყველაფერი გამართულად იქნება”, _ ამბობდა მაშინ ხელაძე.
“გურია ნიუსი” კომენტარისთვის ამჯერადაც დაუკავშირდა თენგიზ ხელაძეს, რომელიც ამბობს, რომ ობიექტი, ჯერჯერობით, ჩაბარებული არ არის და არსებული ხარვეზები უახლოეს დღეებში გამოსწორდება:
“ეს გზა ქალაქის კეთილმოწყობის გარდამავალ პროექტში შედის, რომელიც შარშან დაიწყო და წელს ოქტომბერში დასრულდება. შესაბამისად, სამხარაულის ბიუროც მაშინ დადებს დასკვნას. მანამდე კი, სანამ ყველა ხარვეზი არ გასწორდება, ობიექტი არ ჩაბარდება,” _ თქვა მთავარმა ზედამხედველმა.