სამი დღეა საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ბორჯომელი ნუგზარ ბაქრაძე შიმშილობს.
როგორც „გურია ნიუსს“ ბაქრაძემ განუცხადა, ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩა #38-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნას ითხოვს, რომელიც შეცდომით აქვს მინიჭებული.
ბაქრაძე განმარტავს, რომ სახლი 2010 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი, რის შესახებაც თვითონ 2015 წელს შეიტყო.
„ამ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არანაირი ღირებულება არ აქვს. მაქვს ექსპერტების დასკვნა, რომლებიც ამბობენ, რომ სახლი არ წარმოადგენს კულტურულ ღირებულებას, ეს არის ფსევდორუსული არქიტექტურა. ვითხოვ, ჩემს საკუთარ სახლს მოეხსნას ძეგლის სტატუსი. დღეს ველაპარაკე სააგენტოს ხელმძღვანელს და თვითონაც არ იციან, რატომ შეიყვანეს ამ სიაში საკუთარი სახლი“, _ უთხრა „გურია ნიუსს“ ბაქრაძემ.
მისივე თქმით, შიმშილობას მანამ არ შეწყვეტს, სანამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოდან არ მიიღებს პასუხს, რომ მის საქმეზე მოკვლევა დაიწყება. გარდა ამისა, მისი მოთხოვნაა, არ ჩატარდეს სასამართლო პროცესი, რომელიც ამ დომდე მიმდინარეობდა.
კერძოდ, ბაქრაძე ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ, სახლისთვის აივნის მიშენება გადაწყვიტა, რის გამოც ნებართვა ითხოვა, თუმცა არ მისცეს. მოგვიანებით, აივანი თვითნებურად მიაშენა, რის გამოც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ სასამართლოში უჩივლა. ბაქრაძე ამბობს, რომ აივნის მიშენებისას არცკი იცოდა მის სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი თუ ჰქონდა, რადგან სააგენტოს მისთვის არაფერი უცნობებია.
როგორც ბაქრაძემ „გურია ნიუსს“ უთხრა, სასამართლომ პირველად სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და დაავალდებულა რომ აივანი მოეშალა, თუმცა ეს არ გააკეთა, მეორედ პირობითი სასჯელი დააკისრეს, ახლა კი სოლიდურ ჯარიმებზეა საუბარი.
მისი თქმით, აივნის მიშენებისთვის, პირველ ჯერზე ჯარიმა, შესაძლოა, 45 ათასი ლარი იყოს, რასაც ვერ გადაიხდის. ამის შემდეგ კი, ჯარიმა გასამმაგდება და 134 ათას ლარს მიღწევს.
გარდა ამისა, ბაქრაძე ამბობს, რომ სახლს სარემონტო სამუშაოები სჭირდება, წყალი ჩამოდის, აივანიც ესაჭიროება, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ეტლით მოსარგებლე.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს პოზიციას „გურია ნიუსი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.