კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ბრალდებით, თბილისსა და გორში 5 პირი დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქნეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ბრალდებით, თბილისსა და გორში დააკავეს 5 პირი: 1989 წელს დაბადებული ლ. ბ., 1977 წელს დაბადებული ბ. ფ., 1984 წელს დაბადებული რ.ლ., 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ე. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.თ.
”გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქის ინტერნეტ ბანკის პირადი მონაცემები მოტყუებით მოიპოვეს და მათი გამოყენებით, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხები აიღეს. დაკავებულები, სესხის დამტკიცების შემდეგ, ფულს მათთვის ხელმისაწვდომ ანგარიშზე რიცხავდნენ, საიდანაც ხდებოდა თანხის განაღდება. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის საშუალებით, ბრალდებულები საკრედიტო დაწესებულებების კუთვნილ 15 000 ლარს უკანონოდ დაეუფლნენ”, – აცხადებენ შსს-ში და განმარტავენ რომ გამოძიება კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).