შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული რ.ჟ. და 1983 წელს დაბადებული ბ.ჯ. თბილისში, შარტავას ქუჩაზე დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ჟ. და ბ.ჯ. ერთ-ერთ ბიზნესმენს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.
“სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)”, _ აცხადებენ შსს-ში.