გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯ “აისის” კომპლექსს 12 ჰა ფართობი ტერიტორია უჭირავს. რაც ამ სივრცეში 1980 წლის შემდეგ გაკეთდა, ჯერ პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის გახსნით და საბოლოოდ, 2012 წელს, მის ბაზაზე დაფუძნებული კოლეჯით, რომელიც დღეს უკვე ლიდერი სასწავლებლის პოზიციაზეა, თითქოს დაუჯერებელი ამბავია, თუმცა სახეზეა უჩვეულო, ზღაპრული სინამდვილე, რომლის შემოქმედი ქალბატონი ნათელა პაპუაშვილია.
მისი გამჭრიახობით გავლილი გზის შემდეგ, აქ პროფესიული განათლების ხარისხი უკვე ევროპულ სტანდარტს ექვემდებარება და წალკოტად ქცეულ გარემოში, ადამიანები, როგორც “ელისი საოცრებათა სამყაროში”, ისე განიცდიან, რეალობისა და ზღაპრულობის ხილულ ჰარმონიას.
ქალბატონი ნათელა პაპუაშვილი ჯერ კიდევ 1980 წელს ჩაუდგა სათავეში პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელს და იქედან დღემდე, საკუთარი პერსონა უკონკურენტო ლიდერის პოზიციაზე აიყვანა .
12 ჰექტარ ფართობზე სპეციალურ კომპლექსში განთავსებულ კოლეჯს, ოთხი ძირითადი ნაგებობა აქვს, რომელთაგან ღვინის სახლი წარმოადგენს როგორც სიმბოლურ, ისე რეალურ სახეს. აქვეა სასწავლო, საყოფაცხოვრებო და საერთო საცხოვრებლის კორპუსები. ქალბატონი ნათელა გვიამბობს, რომ თავგანწირული შრომა, უძილო ღამეები დასჭირდა იმისთვის, რომ პროფესიული კოლეჯი “აისი” ექცია ისეთ კერად, სადაც ქვეყნის შენების უპირობო აუცილებლობა _ პროფესიული ხარისხის ნიშანი იქნებოდა უმაღლეს ნიშნულზე, და ეს შეძლო!
ამ წლის მარტიდან უკვე აღარ არის კოლეჯის დირექტორი, თუმცა იქვე ცხოვრობს და მუშაობს, კოლეჯის მაჯისცემით სუნთქავს. ახლახან ის კახეთის რუსთაველის საზოგადოების ხელმძღვანელად აირჩიეს და ჩვენი საუბარი მასთან გაცილებით თავისუფალი და სასიამოვნოც კია, რადგან გვერდიდან უფრო კარგად ხედავს, რას აკეთებდა აქ 40 წლის მანძილზე.
მოკრძალებით მოსაუბრე და მშვიდი იერის მქონე, როცა ამბობს, ხმის აწევა არ უყვარდა და მხოლოდ მომთხოვნი, თუმცა, მეგობრული, თანმიმდევრული სვლით ახერხებდა ლამის თავბრუდამხვევ წარმატებამდე სვლას, სასწრაფოდ ვეკითხები, როგორ მიაღწია ამ ყველაფერს “უხმაურო ხმით” და ჩუმი სვლით _ ასეთი განცდა ჩნდება დღეს, როცა კოლეჯის კორპუსებს თუ მთელ ტერიტორიას მოივლი _ თანამშრომლები თითქოს ფეხაკრეფით დადიან, თითქოს, აქ ერთი დედამიწისხელა სკა გუგუნებს და მის რიტმს აყოლილი ბრუნავს, რომ სამყაროს საკუთარი ძალისხმევითაც ბიძგი მისცეს…
ოდნავ მკვეთრია ქალბატონის ტონი, როცა ამბობს: “ზნეობაში შეცდომას არასოდეს არავის ვაპატიებდი, ეს სასწავლო დაწესებულებაში არავის ეპატიება! თორემ ადამიანს შეცდომა მოუვა, მთავარია, ამის გამოსწორების სურვილი ჰქონდესო”.
რაც შეეხება საქართველოში მოარულ ლეგენდებს იმის შესახებ, რომ აქ მოღვაწეობს ქალბატონი, რომელმაც შექმნა პატარა სახელმწიფო და მხოლოდ ჯარი აკლია, ამაზეც ეღიმება და ამბობს, რომ ჩვეულებრივ საქმედ მიაჩნდა, რასაც აკეთებდა. მხოლოდ სიყვარული შეგაძლებინებს უდიდესი საქმის კეთებას, ვიდრე ბევრი ფული, თუმცა, გარკვეული რაოდენობით, ესეც საჭიროაო, _ ამბობს.
_ განა აქ არ იყვნენ მიწის საკუთრებაში მოქცევის მსურველები. შეიძლებოდა გაყიდვაც, დაშლაც, მაგრამ, როდესაც მოთხოვნა სამართლიანია, ადამიანები, ბოლოს და ბოლოს, იგებენ ამას, რაც უნდა თავდაჯერებულნი იყვნენ და ჩუმდებიან, თავს განებებენ! გარდა ამისა, მე მქონდა ჩემი მიდგომის პრინციპი _ ორშაბათს დილის თათბირი, კვირის ბოლოს კი ანგარიშის მოსმენა! ამ კოლეჯში ეს ტრადიცია არ შეცვლილა. ათწუთიანი თათბირი საკმარისია იმ დავალებების მისაღებად, რაც კვირის ბოლომდე უნდა გაკეთდეს! შესაქებს ვაქებთ, სასაყვედუროს ვსაყვედურობთ. მაქვს პრინციპი _ ყველა ასაკში სჭირდება ადამიანს შექება, ოღონდ ზედმეტი არა! _ ამბობს ის.
საინტერესო და შთამბეჭდავია მისი ლირიული გადახვევაც _ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს კალამთან მიმართებაში _ უახლეს კომპიუტერულ პროგრამებს დავეუფლეთ, თუმცა, ყველა დავალება და საქმე კალმით კეთდება! როცა წერ, კალამთან ურთიერთობისას აზროვნება სხვანაირად იხსნება, კომპიუტერით მუშაობისას კი, თითქოს, ვიღაც მესამე კიდევ წერს თუ გიყურებს. ამიტომ ჯერ კალამთან ვამეგობრებ ყველა იდეას და მერე ვაფიქსირებ ეკრანზე. ეს არის სულ, ამ პრინციპით მოვედი დღემდე!
ოფიციალური ხაზი ნათელა პაპუაშვილის თანამდებობრივი და შრომითი საქმიანობის სვლისა ასეთია _ 1980 წელს სათავეში ჩაუდგა კაჭრეთის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელს, 1990 წელს უმაღლესი ტიპის პროფესიულ სასწავლებლად აქცია. 1991 წელს სასწავლებლის ბაზაზე პურპროდუქტების წარმოებისთვის სპეციალისტთა მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების რესპუბლიკური ცენტრი შეიქმნა, 1997 წლიდან ეწოდა კაჭრეთის პროფესიული ლიცეუმი… აქ საყურადღებოა უმნიშვნელოვანესი ფაქტი _ ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში ე.წ. ბნელი ხანაა, ნგრევის პროცესია, ამ დროს კი ქალბატონი ნათელა არაფერს ეპუება და საგანმანათლებლო კერაზე შუქს აძლიერებს. 2007 წელს, პროფესიული განათლების რეაბილიტაციის პრეზიდენტის პროგრამის შემუშავებისთანავე, კაჭრეთის პროფესიული ლიცეუმის ბაზაზე პროფესიული სწავლების ცენტრი გახსნა. 2011 წელს ამ ცენტრის ბაზაზე პროფესიული კოლეჯი, ხოლო 2012 წლის 6 თებერვალს საზოგადოებრივი კოლეჯი “აისი” დაფუძნდა. ასეთი გიგანტური ნაბიჯებით მან კოლეჯი აქცია თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად.
ვერანაირი საგაზეთო წერილი ვერ დაიტევს, წიგნად ქცევის გარდა, იმ ამბავს, რაც კოლეჯის საკუთრებაში არსებული საქონლის ფერმის, უამრავი სკის თუ ვაზის ფართობების სამყაროში ხდება. კოლეჯში დღეისთვის 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, თითოეული უმაღლეს დონეზე ეუფლება სასოფლო-სამეურნეო პროფესიას. მათი ნაწილი სარგებლობს შესანიშნავად მოწყობილი პროფესიული კოლეჯის საერთო საცხოვრებლით. წინა პლანზეა წამოწეული მევენახეობა-მეღვინეობის ბაზა. 4 ჰექტარ ფართობზე ვაზი დონორის დახმარებითაა გაშენებული და ფართობის თავში წარწერაც ამშვენებს_ გაშენებულია ამერიკის საელჩოს დახმარებით!
კოლეჯის სტუდენტები თავად წურავენ თაფლს, აწარმოებენ ღვინოს, ამზადებენ კონსერვებს, მუშაობენ მინანქარზე, თექაზე, რის დასტურიცაა მათივე გამოფენები. ულამაზესი ღვინის ტრადიციული მარანი და ღვინის ევროპული მარანი საოცრებათა სამყაროს გამოკვეთილი ნიშაა. ქალბატონი ნათელა ამბობს, რომ ამ ყველაფრის მაღალ დონეზე გაკეთება საერთაშორისო პროგრამების წყალობით და თანამშრომელთა შეკრული გუნდის წყალობით შეძლო. მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობითაც ბევრი რამ გააკეთეს.
_ იქით ვაძლევდი ტონს პროფესიულ განათლებას! რის გაკეთებაც არ შეიძლება და ვერ შევძლებდით, არ ვქენით! რის გაკეთებისაც ლოგიკურად გვჯეროდა, გამოგვივიდა! საოცარი კოლექტივი მყავდა ყოველთვის. არ ვიცი, ეს თავისით ხდებოდა თუ ღვთის ნება იყო, უდიდესი საქმე გაკეთდა! დღეს აქ 49 პროფესიას უმაღლეს დონეზე ეუფლებიან, ქვეყანა წინ მიდის, უსაზღვროდ მჯერა, რომ ეს ასეა! ისე, კი, რომ იცოდეთ, დირექტორობიდან ისე წავედი, 9 ათასი ლარი ბანკის ვალი მქონდა და ვიხდი. ეგ არაფერია. ცოტა ჯანმრთელობამ მიმტყუნა და ახლა, როცა გვერდიდან ვუყურებ ამ სამყაროს, უკეთესი მკურნალი მაინც არაფერია, სიცოცხლე მიასკეცდება! ახლა აქ დირექტორი ჩვენთან გამოჭედილი კადრია, მალხაზ ასლამაზიშვილი. აქვე სწავლობდა, შემდეგ კი 19 წელი დირექტორის მოადგილე იყო. მეიმედება, რომ ლიდერი კოლეჯის პოზიციას განამტკიცებს, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვვითარდეთ და წავიდეთ წინ! ეს არის ჩემი აზროვნების და ცხოვრების წესი! _ ამბობს საოცრებათა სამყაროს შემოქმედი ქალბატონი.
ბოლო ხუთი წლის მანძილზე კოლეჯის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გაუმჯობესდა და განათლების სამინისტროს და დონორი ორგანიზაციების მიერ, ამ საქმისთვის ორ მილიონზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, კოლეჯმა გაიარა ავტორიზაცია და ამჟამად წარმართავს 49 ავტორიზებულ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამას. ამ გიგანტურ სვლას კი გზამკვლევად ედგა და უდგას ქალბატონი, რომელმაც “სწავლა კეთებით” დევიზად აქცია და მოახდინა სასწაული _ დღეს დუალური სწავლების კოლეჯი ევროპულ სტანდარტსაც კი უსწრებს.
ნახევრად ხუმრობით _ სჭირდება თუ არა ჯარი? პასუხიც აქვს _ ხომ გელაპარაკებათ აქაურობა, რომ ჩვენს პატრონს ვუყვარვარო? ესაა ჩვენი ჯარისკაცობა! უმთავრესი _ მიწის, ვაზის, ყვავილის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სიყვარულის იდეალში წარმოსადგენად ავმაღლდით იქამდე, რომ აქვე ხელოვნების სასახლე დავაარსეთ! ეს მოვიფიქრეთ! “ქართული ქვევრის მუზეუმი” პირველებმა გავაკეთეთ!
ქალბატონი ნათელა გვაჩვენებს მეშვიდე საუკუნის ქვევრს, რომელიც ილიას სახელობისაა. მუზეუმის წინ, ღია სივრცეში კი უზარმაზარ ქვევრებს ამშვენებს წარწერა: შოთა, აკაკი, ილია… თითქოს, გოლიათი კლასიკოები საცაა ვაზის ქვეყნის სანახებიდან გადმოაბიჯებენ და იქვე, უთვალავი სკების გასწვრივ, ღვთიური მწერის გუგუნთან შერწყმით, იტყვიან აქ შობილი არაამქვეყნიური სილამაზის სადიდებელს.
“იცით, რა ადვილია საქმის კეთება, როცა საფუძველი სიყვარულია? არ გამოდის საქმე კარგად? ესე იგი, სიყვარული არ არის სათანადო დონის! ჩვენ შრომაში ხელოვნებამდე სიყვარულის წყალობით ავმაღლდით და ამ სიმაღლიდან ჩამოსვლას არ ვაპირებთ!” _ ასე გვემშვიდობება ქალბატონი უდიდესი კარმიდამოდან, ასტრებისა და კალენდულას ნერგებს გვჩუქნის, თან ამბობს, ბოდბიდან წამოღებული თესლისგანაა, თქვენს ეზოზე ღვთიური მადლი გადმოვაო! ჩვენი ეზოდან კი ნაირფერ ზამბახებს ვუგზავნით, რომელიც ძალიან უყვარს თურმე და სურს, თავის წალკოტში უხვად ჰქონდეს!