სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი პროექტის – „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართლის სკოლის სტუდენტებს შეხვდა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. მინისტრმა სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით დაგეგმილ უპრეცედენტო სიახლეებზე, რომელიც პარლამენტმა სამივე მოსმენით უკვე დაამტკიცა.
მათ შორისაა: გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა; უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მსჯავრდებულთათვის; შინაპატიმრობის შემოღება და სხვა ნოვაციები. ასევე, კახა კახიშვილმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციური სისტემის მართვის თავისებურებებზე, პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებზე, მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციაზე, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და მსჯავრდებულთა დასაქმების პროექტებზე.
მინისტრის თქმით, პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით რეფორმა გაგრძელდება. მან სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტიც შესთავაზა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტუდენტებთან საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ასევე, შევთანხმდით, რომ შეიქმნება სტუდენტთა პრაქტიკული ჯგუფები, რომლებსაც თეორიულ კურსთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მიეცემათ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ სამომავლოდ ჩვენ ბევრი კვალიფიციური მუშაკი გვყავდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით,“ _ განაცხადა კახა კახიშვილმა.
შსს-ს აკადემიის რექტორის გივი მიქანაძის განცხადებით, მინისტრის ინიციატივა სასჯელაღსრულების სისტემაში სტაჟირების გავლასა და პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს და გაამყარებს სტუდენტთა ცოდნას.
„უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი პრეზენტაცია, გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრისგან შევიტყვეთ იმ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას კიდევ უფრო აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან, რაც რეალურად იძლევა პატიმართა უფლებების განმტკიცების და მაღალ დონეზე დაცვის შესაძლებლობებს,“ _ განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეხვედრის ბოლოს, შსს-ს აკადემიის რექტორმა კახა კახიშვილს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
(R)