დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან დაგაბრუნებთ და გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ხალხში მოარულ „სახალისო ამბებსა“ და ანეკდოტებს შემოგთავაზებთ. ალბათ გახსოვთ ის დრო. ადამიანი თავისუფლად ხმას ვერ ამოიღებდა, „ინფორმაციის გადაცემა“ კი ჩურჩულით ხდებოდა.
თავდაპირველად დიდ ბელადს – სტალინს „შეგახვედრებთ“ და მის შესახებ საბჭოთა საზოგადოებაში მოარულ რამდენიმე „ამბავს“ გაგახსენებთ. დღევანდელი გადასახედიდან ძნელია იმის თქმა, ეს ისტორიები ნამდვილად მოხდა თუ ანეკდოტთა კატეგორიაში უნდა გავიყვანოთ.
„მსახიობმა მიხეილ გელოვანმა, რომელიც სტალინის როლს ასრულებდა, მოითხოვა, რიწის ტბაზე, სტალინის აგარაკზე ჩაესახლებინათ. როდესაც ამის შესახებ სტალინს მოახსენეს, მან იკითხა:
– მაინც, რატომ უნდა გელოვანს რიწაზე ცხოვრება?
– უნდა, რომ თქვენს ხასიათს ჩასწვდეს.
– მაშინ, ტურუხანსკის გადასახლებიდან დაიწყოს, – ჩაილაპარაკა სტალინმა“.
„სტალინი მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრში სპექტაკლს ესწრებოდა. დამთავრდა მეორე მოქმედება. სტანისლავსკი და თეატრის სხვა ხელმძღვანელები კრთომით შეჰყურებდნენ, ხმის ამოღებას ვერავინ ახერხებს. დუმს სტალინიც. ბოლოს ერთ-ერთმა მაინც შებედა:
– ამხანაგო სტალინ, როგორ მოგწონთ ჩვენი სპექტაკლი?
– მოსაწყენია…
ყველა შეშფოთდა. ამით ყმაყოფილი სტალინი კი უმატებს:
– შესვენებებზე.“
„ოცდაათიან წლებში სტალინმა მოიწვია ოთხი დიდი კინემატოგრაფისტი და ჰკითხა. თუ რა სჭირდებათ მათ ნორმალური მუშაობისთვის: „ითხოვეთ, ნუ მოგერიდებათ. ვეცდები დაგეხმაროთ“.
რომმა დაიჩივლა, რომ მისი მთელი ოჯახი ერთ პატარა ოთახშია შეყუჟული. ცოლი ავადმყოფობს სჭირდება ბინა.
– კარგი, გექნებათ ბინა, – თქვა სტალინმა.
პუდოვკინმა კი განუმარტა, რომ მას მხოლოდ ქალაქგარეთ შეუძლია ნორმალური მუშაობა, ამიტომ ესაჭიროება აგარაკი.
გექნებათ აგარაკი, – დაჰპირდა სტალინი.
პირიევმა თქვა, რომ მას აქვს აგარაკი, მაგრამ იქამდე ძნელი მისასვლელია, გზაში ძლიერ იღლება, რაც ხელს უშლის მუშაობაში, ამიტომ უნდა მანქანა…
ალექსანდროვმა დასძინა:
– მე ისეთი დიდი თხოვნა მაქვს, ვერც კი გამიბედავს მისი გამხელა – ამხანაგო სტალინ, თავს ბედნიერად ჩავთვლიდი, რომ მიმეღო თქვენი წიგნი „ლენინიზმის საკითხები“, თქვენივე ავტოგრაფით.
– კეთილი, – უპასუხა სტალინმა. ალექსანდროვმა მართლაც მიიღო ავტოგრაფიანი წიგნი… ბინის, მანქანისა და აგარაკის დამატებით“.
სტალინის შემდეგ „კეთილი მოხუცი“ ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევი გავიხსენოთ. ილიჩი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა. ერთ-ერთი მისი აქაური ვიზიტის შემდეგ ხალხში შემდეგი ანეკდოტი გავრცელდა.
„ბრეჟნევი თბილისში რომ ჩამოვიდა, უკვე ძალიან დაჩაჩანაკებული იყო და ცოტას ურევდა კიდეც. აქ დიდი ამბით დახვდნენ; იყო, რა თქმა უნდა, ზღაპრული სუფრაც.
ბრეჟნევს განსაკუთრებით მოეწონა ცოცხალი. იკითხა, რა ქვია ამ თევზსო.
– ცოცხალი – უთხრეს, თან გადაუთარგმნეს – ჟივოი.
– როგორ ჟივოი – გაოცდა გენსეკი – ეს ცოცხალია?
– არა, ცოცხალი არაა, მკვდარია, მაგრამ ცოცხალი ქვია…
მოსკოვში რომ დაბრუნდა, ერთხელაც, მენიუს შედგენისას, ეკითხებიან – რას მიირთმევთ?
ბრეჟნევს ცოცხალი მონატრებოდა და შეძლებისდაგვარად აუხსნა, რა უნდოდა – აი, მკვდარი რომაა და ცოცხალი რომ ქვია…
შეფი შეფიქრიანებული დაბრუნდა და მზარეულებს ეუბნება:
– დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურს…“
ბრეჟნევის სახელთან ერთი ძალიან ცნობილი ანეკდოტიც იყო გავრცელებული.
„ბრეჟნევი ჩადის სადღაც აზიაში და შემხვედრი ეუბნება – არხიპელაგ გულაგ! ისიც პასუხობს – გულაგ არხიპელაგ“.
წერილის მეორე ნაწილში თავის დროზე საბჭოთა ხალხში მოარულ რამდენიმე პოპულარულ ანეკდოტს მოგაწვდით.
„განცხადება გამოკრული გაზეთის კიოსკზე: “პრავდი ნეტ, როძინუ პროდალი, ასტალსია ტრუდ ზა ტრი კაპეიკი.“
„ამერიკელი მზვერავი ლენინის მავზოლეუმში გაგზავნეს – საბჭოთა ბელადს სურათი გადაუღეო. შევიდა თუ არა, მაშინვე წაართვეს ფოტოაპარატი და რა თქმა უნდა, ვერ მოახერხა გადაღება. მეორედ გაგზავნეს და ახლა ქუდში დაუმალეს აპარატი, მაგრამ, კვლავ უშედეგოდ. ბოლოს ღილში ჩაუმაგრეს, მაგრამ, „კაგებეს“ რამეს გამოაპარებ?! რა ქნას? შენიშნა მავზოლეუმთან „ბრადიაგა“ და შესთავაზა: ერთ ყუთ „ვოდკას“ მოგცემ და ლენინის ფოტო მჭირდებაო. ისიც დაეთანხმა. სულ ცოტა ხანში დაბრუნდა ტომრით ხელში და ეკითხება:
– აბა, სად გადავუღოთ, აქ თუ ბუნებაში?…“
„სამხედრო ნაწილში პრაპორშჩიკი ურიკით რაღაცას მიაგორებს გასასვლელი ჭიშკრისაკენ. ოფიცერი გამოეკიდა, შეაჩერა, ეკითხება: „რა მოიპარე, ახლავე მაჩვენე ურიკაში რა გაქვსო“. „არაფერი, ამხანაგო ოფიცერო – მხოლოდ ძველმანებია“. მაინც გაჩხრიკა, ყველაფერი ამოაყრევინა, დარწმუნდა, ფასეული არაფერი მიჰქონდა და თავი ანება. როცა პრაპორშჩიკი უკვე სამშვიდობოს (ანუ სამხედრო ნაწილის გარეთ) იყო, ჯარისკაცი დაეწია და ჰკითხა: ხომ ვიცი, რაღაცას მაინც მოიპარავდი, მითხარი რა გამოიტანეო. „რა მოვიპარე და ურიკა“, – პასუხობს პრაპორშჩიკი“.
„რა არის საბჭოთა რეორგანიზაცია? – ეს არის ახალი “ჩლენის” შეყვანა პოლიტბიუროში“.
„რონალდ რეიგანი აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი და კალიფორნიის გუბერნატორი იყო. ის ყოველთვის გამოირჩეოდა იუმორის გრძნობით. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მან ანეკდოტი მოჰყვა, რამაც დამსწრე საზოგადოება ძალიან გაახალისა:
“აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირში მყოფ ადამიანებს იუმორის კარგი გრძნობა აქვთ. ეს ანეკდოტი მე გორბაჩოვისთვის არ მომიყოლია… ალბათ იცით, რომ საბჭოთა კავშირში ავტომობილის მიღებას 10 წელი უნდა ელოდო და მხოლოდ ყოველ მეშვიდე ოჯახს ჰყავს მანქანა. ანუ 10 წელი უნდა ელოდო და ეს ყველაფერი მთელ პროცედურებს მოიცავს: ემზადები საყიდლად და ასევე, ავანსად უნდა შეიტანო ფული.
ჰოდა, მოკლედ, ორი მეგობარი ერთმანეთს ხვდება. ერთ-ერთმა მანქანის საყიდლად ფული მიუტანა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმით არის დაკავებული. “კარგი, მოაკითხე მანქანას 10 წლის შემდეგ”, – უპასუხა მან. კლიენტმა იკითხა: დილით თუ საღამოსო? მამაკაცს გაუკვირდა: რა მნიშვნელობა აქვს, მაინც 10 წლის მერე უნდა მოხვიდეო. ხოლო კლიენტმა უთხრა: უბრალოდ, დილით წყლის გაყვანილობის შესაკეთებლად უნდა მოვიდნენო.“