15-16 ივნისს, გურიაში, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (26 მაისის ქუჩა N9) საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ ადგილობრივი სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებისა და დაზიანებული სმენის მქონე ბავშვების მშობლებისთვის ჩაატარებს ტრენინგს „კოხლეარული იმპლანტაცია – მძიმე სმენადაზიანების რეაბილიტაციის ყველაზე ეფექტური მეთოდი.“
ტრენინგი საქველმოქმედო ფონდ „აი ია”-ს ინიციატივითა და ხელშეწყობით ტარდება და მისი მიზანია სმენის, მისი მნიშვნელოვნებისა და სმენის დაკარგვით/დაზიანებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის მხარდამჭერია ქ. ოზურგეთის მერია.
ფონდი“ აი ია“ გასული წლის 14 აპრილს ბიზნესმენმა და მეცენატმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა და იგი მიზნად სმენადაზიანებულ ბავშვთა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესს ისახავს.
სიყრუე და სმენის დაქვეითება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. მისი გავრცელების რაოდენობრივი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და დიდია მისგან გამოწვეული ზიანი. პრობლემისა და მასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგების მასშტაბურობის გამო, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ შეიმუშავა სიყრუესა და სმენის დაქვეითებასთან ბრძოლის სტრატეგიები. ერთ-ერთი კი გახლავთ კოხლეარული იმპლანტაცია, რომელიც საქართველოშიც ხორციელდება. ფონდ „აი ია“-ს მიზანია ქვეყანაში დანერგოს კოხლეარული იმპლანტაციის საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა.
ამჟამად ფონდი თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ 16 ბენეფიციარს ემსახურება, თუმცა მიზანი გაცილებით ფართოა – მოვიცვათ მთელი ქვეყანა და მოქალაქეებს სრულყოფილი და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ. ერთ-ერთი ნაბიჯი აღნიშნული მიზნისკენ, არის ტრენინგ-კურსი, რომელიც საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზეა გათვლილი. ფონდი მსგავსი სატრენინგო კურსის ჩატარებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
ტრენინგი ჩატარდება ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში. მისამართი: 26 მაისის ქუჩა N9
საკონტაქტო პირი:
ფონდ ‘’აი ია’’-ს სარეაბილიტაციო ცენტრის განვითარების მენეჯერი ეკა თორთლაძე ტელ: (595) 626947. (R)